ვისურვებდი, რომ ყველა მინისტრი გაკეთებული საქმეებით რეიტინგებში ჩემზე მაღლა იყოს,- ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს კვლევის შესახებ დასმულ კითხვას, ხომ არ შეუქმნის პრობლემას თანაგუნდელებში ის, რომ პოლიტიკოსებისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგში 40-პროცენტიანი შედეგი აქვს.
“პრობლემას რატომ შემიქმნის. სპორტიდან მოვდივარ და ერთი რამ ვიცი და მჯერა – როგორც სპორტში, იგივეა პოლიტიკაში, თუ არ არსებობს ძლიერი და პროფესიონალი ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი, შეუძლებელია, ორმა-სამმა ადამიანმა განახორციელოს და უპასუხოს პრობლემებს ან მოიგოს თამაშები, როგორც სპორტშია. რაც უფრო მეტი წარმატებული ადამიანი იქნება, მით უფრო უკეთესია „ქართული ოცნებისთვის“, ჩვენი გუნდისთვის. ვისურვებდი, რომ ყველა მინისტრი გაკეთებული საქმეებით რეიტინგებში ჩემზე მაღლა იყოს. ეს ჩემთვის და გუნდისთვის იქნება დადებითი, პირველ რიგში, ქვეყნისთვის. თუ გინდათ, რომ მათქმევინოთ ჩემს ნაწილში ვენდობი თუ არა კვლევას, რა კაია და ტაში დავუკრა, ასე არ არის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, ყველაზე მთავარი გამოწვევა არის არსებული ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
„2012 წლიდან მოყოლებული ყოველთვის ხდებოდა ხოლმე მანიპულირება. ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, მონაცემები ყოველთვის აცდენილი იყო რეალურ შედეგს. ამიტომ მაქვს საფუძველი, პოლიტიკურ ნაწილში ენდიაი-ს კვლევას არ ვენდო. რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას, ბევრი რამე გასათვალისწინებელია. ყველაზე მთავარი გამოწვევა, რაც დღეს გაქვს, არის არსებული ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, იმ ყოფის, რაც დღეს არსებობს. ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა, ეს არის ის მთავარი მიმართულებები, რომელსაც ყველამ ერთად ღირსეულად უნდა ვუპასუხოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგში პირველ და მეორე ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო არიან.
