LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეუსრულებელი მისია 10: საქართველო თავის ადგილს დაუბრუნდა

140
KJR_9849

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევის პირველი ორი თამაში წააგო და არათუ სათუო გაიხადა ევროპაზე მოხვედრა, უბრალოდ კიდევ ერთხელ დაანახა გულშემატკივარს, რომ ნამდვილი საკვალიფიკაციო ტურნირი ჩვენი საქმე არ არის და ერთადერთი საიმედო უეფას ის საჩუქარია, ერთა ლიგა რომ მოაფიქრდა.

თეორიული შანსი ბუნებრივია ჯერ რჩება, მაგრამ ყველა კარგად ვხვდებით, რომ ამ გზით საიუბილეო ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ არავინ მიგვიშვებს.

მომდევნო მატჩებში ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ ყველა ფეხბურთელი მწყობრში იქნება და არავინ დაგვაკლდება, ხოლო ვინც ჩამოვა ნაკრებში, ის სათანადო ფორმაში იქნება; რა გარანტიაა, რომ გუნდი ორივე ტაიმს თანაბარ დონეზე ითამაშებს; არ დაუშვებს შეცდომებს დაცვაში, ხოლო შეტევაში რაიმეს მოიფიქრებს, ან ცენტრში აჯობებს მეტოქეს. მოკლედ, წლებია კი არა, მეორე საუკუნეა უკვე იმას გავიძახით, ეს ციკლი მომდევნო შესარჩევის მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთო და ბოდიში და ამოვიდა უკვე ყელში. არადა, ახლაც ასე ჩანს, ერთა ლიგის გადამწყვეტი მატჩებისთვის თუ მოემზადება აწი საქართველოს ნაკრები.

 

ერთიცაა: ვლადიმირ ვაისს ჯერ საქართველოსთვის ერთი ოფიციალური თამაში არ მოუგია, აქ ერთა ლიგა არ იგულისხმება, შესარჩევი ეტაპის მატჩები. სულზე მოგვისწრო ამ ერთა ლიგამ…

აგერ თავად ჩვენმა მწვრთნელმა რა თქვა:

ვლადიმირ ვაისი: „პირველ რიგში ვულოცავ ირლანდიის ნაკრებს გამარჯვებას, მათ კარგი თამაში აჩვენეს. მეტოქემ პირველი ტაიმი ძალიან მაღალ ტემპში ჩაატარა. ამიტომ მოგვიწია სათამაშო სქემა 4-4-2, 4-3-3-ით შეგვეცვალა. ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით დავმარცხდით, ჩემს ფეხბურთელებს თამაშის წინ ვუთხარი, რომ ჰარიჰეინი და ბრეიდი სტანდარტულების დროს ძალიან სახიფათოები არიან. ვფიქრობ, რომ ჯარიმის შესრულების დროს, კედელი ცოტა შიგნით იყო და ჰარიჰეინმა შესანიშნავი გოლი გაგვიტანა.

რაც შეეხება მეორე ტაიმს, ჩემი აზრით, კარგად ვითამაშეთ, ორი ძალიან კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ რენდოლფმა ორივეს მოგერიება მოახერხა. ვცადეთ, რომ ბოლო 15 წუთში კიდევ ერთხელ შეგვეცვალა სათამაშო სქემა და ქვილითაიას ოქრიაშვილი მივახმარეთ. უკვე მეორე შეხვედრაში მარცხენა მცველის შეცვლა გვიწევს, რაც ადვილი ნამდვილად არაა.

ირლანდიის ნაკრები ჯგუფის ლიდერია, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ორი შეხვედრა წავაგეთ, ეს რა თქმა უნდა ცუდია, მაგრამ ჯგუფის ორ ლიდერთან, შვეიცარიასთან და ირლანდიასთან დავმარცხდით. აღნიშნულ გუნდებთან ერთად ვფიქრობ, რომ დანიაც ჯგუფის ფავორიტია. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, ახალი გუნდის შენება გვიწევს ისეთი ახალგაზრდა მოთამაშეებით, როგორიც ჩაკვეტაძე, ხარაბაძე, გვილია, კიტეიშვილი და სხვები არიან. მაგალითად, კიტეიშვილი ორი წლის უკან საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა და ევროპაში ახლახან გადავიდა. ის დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამს, ეს ადვილი ნამდვილად არაა, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ სწორად ვითარდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ განვითარება, 2020 წლის მარტს მზად შევხვდეთ და ისტორიული შანსი გამოვიყენოთ.

ჩაკვეტაძე ტრავმირებულია და ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის. არველაძე 21 წლის პერსპექტიული მოთამაშეა, რომელსაც ამ შესანიშნავ სტადიონზე თამაშის საშუალება ჰქონდა. მან თავის პოტენციალი დაგვანახა, მაგრამ ამ დონეზე თამაში ადვილი არაა. სათამაშო პრაქტიკის პრობლემა აქვს ქვილითაიას, მან მძიმე ტრავმა გადაიტანა და „გენტში“ ახლა იწყებს თამაშს. მე მჯერა ჩემი გუნდის, მე მჯერა პირადად მისი. 2020 წლის მარტისთვის ფორმის პიკში უნდა ვიყოთ, რაც ყველაზე მთავარია ტრავმების გარეშე, რადგან ბელარუსის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული იქნება.“

პრინციპში იგივეა: შესარჩევი რა ჩვენი საქმეა, ერთა ლიგისთვის მოვემზადოთო.

 

ირლანდია 1:0 საქართველო

დუბლინი, „ავივა“

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (85’ ოქრიაშვილი), ხოჭოლავა (65’ ხარაბაძე), კაშია, კვერკველია, კვეკვესკირი, კანკავა, კიტეიშვილი, ქვილითაია, არველაძე (73’ ყაზაიშვილი)

სათადარიგო შემადგენლობა: კვასხვაძე, მაკარიძე, კაჭარავა, პარუნაშვილი, მერებაშვილი, ჭანტურაშვილი, ლობჟანიძე, ჯიღაური, ნავალოვსკი

გაფრთხილება: 15’ კანკავა, 33’ კაშია

გოლი: 1:0 ჰარიჰეინი (36)


ირლანდიას მეათედ ვეთამაშეთ და ერთხელაც ვერ მოვუგეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები