„შევნიშნე, რომ განცხადებაში მთელი რიგი დეზინფორმაციაა გაჟღერებული. პირველ რიგში ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან არანაირი მისალმება არ იყო, მათ უბრალოდ აღნიშნეს, რომ რუსულ კანონთან შედარება არის დაუშვებელი. ანუ ისინიც აღიარებენ, რომ ჩვენი კანონი რუსულ კანონს არ ჰგავს“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში უმრავლესობის წევრმა, ეკა სეფაშვილმა.
დეპუტატი გადაცემაში „დღის თემა“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აშშ-ს ელჩის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა რომ მისთვის გაუგებარია რატომ იწვევს შეშფოთებას ჩვენს პარტნიორებში ის კანონპროექტი, რომლის მსგავსი თავადაც აქვთ.
„ელჩის მხრიდან ასე ხაზგასმა ვფიქრობ არის მეტი აგრესიის მიზნით გამოწვეული ნაბიჯი. რაც შეეხება შეშფოთებას, მე არ მესმის რატომ უნდა შეშფოთდეს თუნდაც ევროკავშირის, დასავლეთის რომელიმე ლიდერი იმ ფონზე, როდესაც თვითონაც იღებენ მსგავს კანონმდებლობას. ფაქტობრივად გამოდის რომ საქართველოს არ აქვს უფლება საკუთარ ქვეყანაში შედინებული უცხოური ფულის შესახებ ჰქონდეს ინფორმაცია. და ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებით, მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ყველა სფეროში ვცდილობთ მეტი და მეტი გამჭვირვალობა გვქონდეს. მაგალითად საქართველოს ბიუჯეტი მსოფლიოში პირველია გამჭვირვალობის თვალსაზრისით“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს მხრიდან სანქციების დაწესების მოლოდინი არ აქვს.
„სანქციებს ნაკლებად ველოდები, თუმცა ძალიან გასაკვირი იქნება, რომ თავიანთი კანონის მსგავსი კანონისათვის დაასანქცირონ საქართველო. ეს ნამდვილად გასაკვირი იქნება, იმიტომ რომ FARA-ზე გაცილებით ლიბერალურია ჩვენი გამჭვირვალობის კანონი“ – თქვა დეპუტატმა.
ცნობისთვის, აშშ-ს ელჩის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა როგორც საჯაროდ, ისე პირადად, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან გამოხატა სერიოზული შეშფოთება პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. დანიგანის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ ჰგავს ამერიკულ FARA-ს.
„როცა გაქვთ კანონპროექტი, რომლის შესახებაც დასავლელმა პარტნიორებმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს, მაგრამ თქვენი ოკუპანტი მას მიესალმა, თქვენ უნდა იკითხოთ, არის თუ არა ეს კარგი ქვეყნისთვის“ – განაცხადა აშშ-ს ელჩმა.
აშშ-ის ელჩი: „საქართველოს ადგილი დასავლურ ოჯახშია.. მტკიცედ მჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას შეძლებს“
მამუკა მდინარაძე: „მითხარით 1 პუნქტი რუსული კანონიდან, რაც მეორდება ჩვენს ინიციატივაში?!“