LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შქმერული იაპონიის ზოგიერთი სკოლისა და ჯარის მენიუში შედის” – ელჩი 

70
შქმერული

საქართველოს ელჩმა იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავამ განაცხადა, რომ ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით, უკვე არაერთი პროექტი განხორციელდა. მისივე თქმით, იაპონელებს ძალიან აინტერესებთ ქართული კულინარია, მათ შორის ღვინის ტრადიციები.

“ჩვენს კერძს „შქმერულს“ უკვე 30-ზე მეტი კომპანია ამზადებს აქ, ზოგიერთი სკოლისა და ჯარის მენიუშიც შედის. მართლა ფართოდ გავრცელდა“, – აღნიშნა მან BM.GE-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“.

ამასთან, ელჩის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ქართული კივი იაპონიის ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი გახდა.

„დაახლოებით ოთხი წელია, რაც ქართული კივი იაპონიის ბაზარზე შემოდის და რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. ეტიკეტზე ყოველთვის დატანილია ქართული დროშა და საქართველოს შესახებ ინფორმაცია, რაც ძალიან მომგებიანია. ისეთ სეზონზე შემოდის აქ ქართული კივი, როდესაც იაპონიაში მისი დეფიციტია.

ბოლო პერიოდში ასევე შემოვიდა ქართული ცისფერი ღვინო. მხოლოდ სოციალურ ქსელში “დავპოსტეთ” ამის შესახებ, იაპონელები მაშინვე დაუკავშირდნენ მეწარმეს და ამის ექსპორტიც განხორციელდა. შესაბამისად, ინფორმაციის გავრცელება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ელჩმა.

თეიმურაზ ლეჟავა ამბობს, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის იაპონია ძალიან დიდი შესაძლებლობების მქონე ბაზარია.

წყარო: BM.GE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები