შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის შეძენა-შენახვა-გავრცელებისთვის, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი შ.ყ. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა- შენახვა-ფლობის და გავრცელების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ მასალებს, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით ინახავდა და ავრცელებდა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და მეხსიერების ბარათი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“-ნათქვამია ინფორმაციაში.