შვეიცარიის მატარებლები თამბაქოს ბოლისგან არც თუ ისე დიდი ხნის წინ გათავისუფლდა და ამჯერად სადგურების რიგი დადგა. აკრძალვა ძალაში მომავალი წლის ბოლოსთვის შევა, მანამდე კი ხელისუფლება საზოგადოების ცნობიერების გაზრდაზე იმუშავებს. ზოგადად, პროექტის ტესტირება 12 თვე გაგრძელდება და რამდენიმე სახეობად დაიყოფა. მაგალითად, ზოგიერთ სადგურზე მოწევა საერთოდ აიკრძალება, ზოგან კი მწეველთა ზონებს გამოყოფენ.
გამოცემა „Le Matin”-ის ინფორმაციით, ექსპერიმენტის მსვლელობის დროს გარემოს დაბინძურების დონეს დაადგენენ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, აკრძალავენ მოწევას საერთოდ თუ ნაწილობრივ.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი აკრძალვა უკვე ბევრ ქვეყანაში მოქმედებს და სრულიად არამწეველთა შორის – საფრანგეთი, ავსტრია, იტალია, ჰოლანდია, ბელგია ესპანეთი და სხვა ქვეყნები არიან.