LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,შვილმა გააგრძელა მამის გზა” – სანდრო სანაია ახალ ამპლუასა და პირადზე

35
46492552_2471455902869881_4951219035900477440_n

გადაცემა ,,ვიზიტორის’’ სტუმარი, სანდრო სანაია იყო. ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ,,ფორტუნა პლუსის’’ ეთერში, საყვარელი საქმისა და შეყვარებულის შესახებ ისაუბრა.

რას საქმიანობდი აქამდე და როგორ იწყებოდა შენთვის ერთი ჩვეულებრივი დღე?

პროფესიით ჟურნალისტი ვარ, რაც გასაკვირი არავისთვის არ არის. სანამ რუსთავი 2-ში შევაბიჯებდი და დაიწყებოდა გადაცემა, ვიყავი ჩვეულებრივი სტუდენტი, სულ ახლახან დავამთავრე უნივერსიტეტი. ვსწავლობდი, მეგობრებთან ერთდ ვატარებდი დროს და ასე გადიოდა ყოველდღიურობა.

გიფიქრია ბავშვობიდან, რომ ჟურნალისტი უნდა გამოსულიყავი?

ბავშობიდან ეს ფიქრი ყოველთვის თან მახლდა. ხანდახან ვიცვლიდი ხოლმე აზრს, მაგრამ იმ ყველაფერმა გამიქარწყლა ფიქრები, როცა უშუალოდ შევეხე ამ სფეროს და ჩემს ყოველდღიურობად იქცა.

მანამდე გქონდა შეხება ტელევიზიასთან?

ამ დონის და ასეთი სერიოზული არა. როცა “რუსთავი 2″–დან უშუალოდ წინადადება წამოვიდა, რასაც არასდროს არ ველოდებოდი, ვერ წარმომედგინა, ძალიან გამიხარდა, ძალიან დავიბენი, ავფორიაქდი, თუმცა არც ერთი წამითაც არ მიფიქრია უარი, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.

როცა პირველად გამოჩნდი ეკრანზე, პირველი ასოციაცია იყო, რომ შენ ხარ გიორგი სანაიას შვილი…

შვილმა გააგრძელა მამის გზა. პირველი ასოციაციები ეგ იყო, თუმცა, ჩემი მიზანი არ არის ვიყო გიორგი სანაიას შვილი, როგორც ამ პროფესიის წარმომადგენელი. მინდა ვიყო სანდრო სანაია, პიროვნება, რომელსაც აქვს თავისი ნიშა, გამორჩეული მახასიათებლები და ა.შ.

რამდენად კომფორტულად გრძნობ თავს ამ ამპლუაში?

თავიდან ვერავინ წარმოიდგენს ისე ვღელავდი, თუმცა ახლა ძალიან კომფორტულია, ძალიან მშვიდად ვგრძნობ თავს. ნერვიულობა, როგორც ხელისშემშლელი ფაქტორი, აღარ არის ჩემში.

რომ არა ჟურნალისტი, ვინ იქნებოდი?

ძალიან რთული სათქმელია იმიტომ, რომ ასაკით პატარა ვარ ჯერ. ბევრ რაღაცაზე მიფიქრია, მაგრამ ახლა რომ ამას არ ვაკეთებდე არ ვიცი რას გავაკეთებდი. ხელოვნებით ვარ დაინტერესებული და ვიხრებოდი კინემატოგრაფიისკენ.

ვახო რჩევებს თუ გაძლევს?

პირველივე ეთერის წინ, საუბარი გვქონდა, მითხრა რა უნდა გამეკეთებინა, რა არა, ეს ყველაფერი იყო რჩევის სახით და მეც მივიღე და ვიღებ კიდეც. ვახო არის ჩემთვის ძალიან გამოცდილი და პროფესიონალი ჟურნალისტი.

ხელოვნება ახსენე… სამომავლოდ თუ გაქვს გეგმები ამ განხრით სცადო ბედი?

ახლა გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს სფერო მაინტერესებს, მუდამ მივილტვი იმისკენ, რომ გავიღრმავო ცოდნა. ჩემი მეორადი პროფესია ფილოლოგიაა, ახლაც ფილოლოგიურზე ვსწავლობ, ხელმეორედ ჩავაბარე.

რომანტიკოსი ხარ?

ეს სხვა, ერთმა კონკრეტულმა პიროვნებამ უნდა შეაფასოს. მჯერა, რომ ვარ. როცა ერთი ადამიანისკენ ხარ მიმართული, მაშინ განსაკუთრებით მის გარშემო ტრიალებს შენთვის ყველაფერი.

ისე საუბრობ, შეყვარებული ხომ არ ხარ?

კი, ვარ, თან ძალიან. (იღიმის)

დიდი ხანია?

არა, დიდი ხანი არ არის, თუმცა განცდა მაქვს, რომ ძალიან დიდი ხანია. რასაც ახლა ვგრძნობ იმ ადამიანის მიმართ, მგონია, რომ სამუდამოდ ეგრე ვიყავი.

გურმანი ხარ?

ძალიან მიყვარს კერძების მომზადება, მაგრამ არ გამომდის. თითქოს ყველაფერს სწორად ვაკეთებ, მაგრამ მაინც არ გამოდის ისეთი, როგორიც მე მინდა. ცოტა პრეტენზიული მჭამელი ვარ, უფრო ხორცისკენ ვიხრები.

რას უსმენ?

მაგ კითხვას ვერ ვიტან, რადგან თითქოს ელიან, რომ ვიტყვი ერთ კონკრეტულ ჟანრს. ვუსმენ ყველაფერს, გააჩნია ხასიათს და ჩემს სულიერ მდგომარეობას იმ მომენტში.

ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად და კარგად გრძნობ თავს?

ეგეთი ადგილის ძიებაში ვარ დღემდე. გააჩნია ჩემს განწყობას. რთული ხასიათი მაქვს. ერთ-ერთი ჩემი ნაკლია, რაზეც ვმუშაობ რომ გამოვასწორო. წუწუნი მიყვარს, მუდამ უკმაყოფილო ვარ ყველაფრით, არ ვიცი, რატომ ხდება ეს. კომფორტულად ვგრძნობ თავს, როცა ვარ საყვარელ ადამიანთან და ჩემს მეგობრებთან ერთად. ორი განსაკუთრებული მეგობარი მყავს.

ყოფილა შენს ცხოვრებაში იმედგაცრუება?

ძალიან ბევრი. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ამყარებ რაღაცებზე იმედს. ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა.

რომელ ცნობილ რეჟისორთან ითანამშრომლებდი?

ყველაზე მეტად ვისთანაც სურვილი მაქვს, სამწუხაროდ ცოცხლები აღარ არიან. იმ ტიპის ადამიანი ვარ, ვინც ძველ ფილმებს ეტრფის. ცოცხალი რომ ყოფილიყო, ფელინის შევხვდებოდი და იმ დროის იტალიელ რეჟისორებს.

როგორ ფილმს გადაიღებდი?

გაცვეთილი სიტყვაა, მაგრამ ცხოვრებისეულს. ერთი ადამიანის გარშემო მიმდინარე ტრაგედიას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ტრაგედიაა ჩვენ გარშემო, ბერგმანის სტილში.

სოციალურ ქსელში ან პრესაში დაუწერიათ შენზე ისეთი რამ, რაც არ მოგწონებია?

მაქსიმალურად ვცდილობ მაგ მხრივ ფრთხილი ვიყო. ვერიდები მსგავს რაღაცებს. თუ რაღაც ეგეთი დაიწერა, ნამდვილად მეცოდინება, რომ ტყუილია. არაფერი არ არის ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რისიც შეიძლება შემრცხვეს ან მომერიდოს აფიშირების. ჩემ პირადს ჩემში ვიტოვებ და შორს არ გამაქვს.

წარმატებებს გისურვებთ!

 გადაცემის აუდიოჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები