სანდრა ზოიძე, რომელიც ხშირად უზიარებდა საზოგადოებას 20 წლის ასმათ ბერიძის ჯანმრთელობის შესახებ ცნობებს, სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ ასმათ ბერიძე, რომელსაც მშობიარობის შემდეგ მენინგიტი განუვითარდა ცოტა ხნის წინ კი კომიდან გამოვიდა, თავის ოჯახთან ერთად საქართველოში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.
სანდრა ზოიძე საზოგადოებას დახმარებისთვის მადლობას უხდის:
„ამ ულამაზესი სურათის ავტორი, ხომ იცით რომ თქვენ ხართ? ჩვენი ფონდის ოფიციალურ ანგარიშებზე 27 780 ლარი ელვის სისწრაფით ავაგროვეთ 2 დღეში და მოვახერხეთ სწრაფად გადაყვანა თურქეთში, სიკვდილისთვის განწირული ასმათის… ბაქტერიული მენინგიტი დავამარცხეთ და ასმათი დაუბრუნდა თავის ანგელოზებს. ჰოდა ეს ოჯახი თქვენი აშენებულია, ეს ბავშვები რომ არ დაობლდა სწორედ თქვენი 1 ლარის გამო, მთელი გულით მინდა მადლობა გადაგიხადოთ. სწორედ თქვენნაირ ადამიანებს, რომლებსაც ასე შეგიძლიათ სიკეთის კეთება, დაე უფალმა გიმრავლოთ ხვავი და ბარაქა“, – წერს სანდრა ზოიძე.
ცნობისთვის, 20 წლის ასმათ ბერიძემ მეორე შვილზე ბათუმის კლინიკა „ბაოში“ იმშობიარა, მას საკეისრო კვეთა გაუკეთდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოულოდნელად კლინიკაში მისი მდგომარეობა დამძიმდა. ამის შემდეგ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ გოგონას მენინგიტი ჰქონდა. ოჯახის ახლობლების ცნობით, კლინიკაში განმარტავდნენ რომ მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა ოჯახის მოთხოვნით მისი სასწრაფოდ თურქეთის კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თურქი მედიკოსების თქმით, გოგონას ჯანმრთელობის გაუარესება ანესთეზიამ გამოიწვია: „ხერხემალში რომ გაუკეთეს ანესთეზია, ბაქტერია შევიდა და სწრაფად განვითარდა, წავიდა თავში და დაემართა ბაქტერიული მენინგიტი“ – ამბობენ ambebi.ge-სთან ოჯახის წევრები.
