LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმართლისათვის ვუყვარდით და ვუყვარვართ მაყურებელს და სწორედ ამ სიმართლისათვის არასოდეს ვუყვარდით არც ერთ ხელისუფლებას: ავთო ვარსიმაშვილი

81
ავთანდილ ვარსიმაშვილი

ქართველი თეატრისა და კინოს რეჟისორი, თავისუფალი თეატრის მფლობელი ავთანდილ ვარსიმაშვილი, თეატრის 20 წლისთავთან დაკავშირებით Facebook-ზე პოსტს ქვეყნებს.

როგორც ვარსიმაშვილი წერს, დევიზი “თეატრი, რომელიც მხოლოდ სიმართლეს და დღესასწაულს სთავაზობს მაყურებელს”, მხოლოდ გახსნის დღისთვის დეკლარირებული სიტყვები არ ყოფილა. მისივე თქმით, “მაყურებელს სიმართლისათვის უყვარდა და უყვარს “თავისუფალი თეატრი”, სწორედ ამ სიმართლისათვის კი არასოდეს უყვარდა არც ერთ ხელისუფლებას”.

ვარსიმაშვილის განცხადებით, 20 წელია ყველა რეიტინგით “თავისუფალი თეატრი” საუკეთესო ქართული თეატრების პირველ რიგებშია.

“დღეს,31 მარტს, ჩემი “თავისუფალი თეატრი” 20 წლის გახდა. რამდენი სიხარული და ამავე დროს რამდენი ღალატი, დარტყმა და ტკივილი ვიგემეთ ამ ხნის მანძილზე. პირველივე დღიდან ჩვენი დევიზი იყო: “თეატრი, რომელიც მხოლოდ სიმართლეს და დღესასწაულს სთავაზობს მაყურებელს”, ამ ოცი წლის მანძილზე, საქმით დავამტკიცეთ, რომ ეს სიტყვები არ ყოფილა მარტო გახსნის დღისათვის დეკლარირებული ლამაზი სიტყვები. სიმართლისათვის და დღესასწაულისათვის ვუყვარდით და ვუყვარვართ მაყურებელს და სწორედ ამ სიმართლისათვის არასოდეს ვუყვარდით არც ერთ ხელისუფლებას. “თავისუფალი თეატრი” 20 წელია არსებობს და ამაყი ვარ, რომ 20 წელია ყველა რეიტინგით “თავისუფალი თეატრი” საუკეთესო ქართული თეატრების პირველ რიგებშია, მე ამაყი ვარ, რომ ეს პატარა თეატრი, ამ წლების მანძილზე, გაცილებით მეტ მაყურებელს ღებულობდა თავის დარბაზში, ვიდრე სახელმწიფოსგან დაფინანსებული თეატრები.

ყველას მადლობას ვუხდი, ვინც გვეხმარებოდა, ვინც გვერდში გვედგა, მაგრამ ყველაზე დიდი მადლობის სიტყვები მინდა ვუთხრა იმ მაყურებელს, რომელმაც პირველივე წამიდან შეიყვარა ჩვენი თეატრი და 20 წლის მანძილზე არც ერთი წამით არ განელებია ეს სიყვარული, ეს გვაცოცხლებს და ცხოვრების სტიმულს გვაძლევს. “თავისუფალი თეატრის” 20 წლიანი წარმატების, პერმანენტული ანშლაგების მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს, მაგრამ მთავარი ორი მგონია, 1.თავისუფალ თეატრს ყავს თავისუფალი მაყურებელი, რომელმაც იცის, რომ ჩვენ სცენიდან ყოველთვის ველაპარაკებით მას იმ სატკივარზე რაც თვითონ მას სტკივა და 2. პირველი სპექტაკლიდან მოყოლებული უკვე გამოჩენილი ოსტატების გვერდით, ჩვენ ვაძლევდით შანსს სრულიად უცნობ მსახიობებს და რეჟისორებს, გამოეჩინათ თავიანთი შესაძლებლობები. მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენი თეატრის სცენაზე ამ 20 წლის მანძილზე, ათასზე მეტმა ახალგაზრდამ დადგა ფეხი და პროფესიული ასპარეზი სწორედ ჩვენი სცენიდან დაიწყო, ვამაყობ იმით, რომ ათეულობით რეჟისორმა შესძლო განეხორციელებინა თავისი ჩანაფიქრი. დღეს მე ვამაყობ წლების მანძილზე სათუთად შეკრებილი “თავისუფალი თეატრის” სამსახიობო ვარსკვლავური დასით, რომლითაც იამაყებდა ნებისმიერი ქვეყნის მაღალპროფესიონალური თეატრი და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის, დღეს, საუკეთესო დასია საქართველოში. გილოცავთ თავისუფალი თეატრის დაბადების დღეს!”, – წერს ავთანდილ ვარსიმაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g