LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სისტემა უნდა დაფიქრდეს, საჭირო ხომ არაა დასჯადი გახდეს იძულებითი ნიშნობაც.. პრობლემაა დანაშაულის შეუტყობინებლობა, ნუთუ, არავინ დაინტერესებულა, სად არის ეს ბავშვი?!“ – აიჰან გასანოვი 14 წლის აითაჯის მკვლელობაზე

932
Untitled design

6 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 14 წლის გოგოს მკვლელობის ამბავი გავრცელდა.

გამოძიების თანახმად, აითაჯ შახმაროვა ქმარმა, 27 წლის ასიმ ასლანოვმა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. კაცი, რომელიც მიმალვაში იყო, პოლიციამ რამდენიმე დღეში დააკავა.

ვიდეო: დააკავეს 27 წლის კაცი, რომელმაც საგარეჯოში 14 წლის ცოლი მოკლა

მომხდარი მკვლელობის შემდეგ საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ არასრულწლოვანი, ორ თვე-ნახევრის განმავლობაში, სურვილის საწინააღმდეგოდ იყო დანიშნული. როგორც აითაჯის დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, 27 წლის კაცმა მისი შვილი, ქორწინების მოტივით, დმანისის სოფლიდან, „საძოვრებიდან გაიტაცა“ და  კახეთში, სოფელ ლამბალოში წაიყვანა. მოკლული გოგოს დედა ამბობს, რომ შვილის წამოსაყვანად ვერ მიდიოდა, რადგან კაცი მასაც მოკვლით ემუქრებოდა.

მოკლული 14 წლის გოგოს დედა: ახრჩობდა, დამწყვდეული ჰყავდა - როცა გაქცევა კიდევ სცადა, მოკლა

„რამდენიმე დღე მკვლელი სახლთან ტრიალებდა. ბოლოს საწადელს მიაღწია და ძალით გაიტაცა - მანქანაში ჩასვა.“

14 წლის გოგოს მკვლელობის შემდეგ, მისი გატაცებისა და ორთვიანი ტყვეობის დეტალებზე მცირე კომენტარით შემოიფარგლა მედიასთან აითაჯის ბიძა და თქვა, რომ საერთოდ არაფერ შუაშია მომხდართან.

„ჩვენ რა შუაში ვართ? დედაც ჰყავს და მამაც.. არ ვიცოდი, ქორწილი თუ ჰქონდა და არ უნდოდა“ – მოკლული 14 წლის გოგოს ბიძა

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ კაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა თელავის რაიონულმა სასამართლომ 9 ოქტომბერს დაუსწრებლად შეუფარდა. მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე, 143-ე და 236-ე მუხლებით, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ა.შ.-ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ქორწინების იძულების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა150-ე პრიმა მუხლით. საქმეზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება“, – აცხადებენ შსს-ში.

კიდევ ვისი ბრალეულობა შეიძლება გამოიკვეთოს საქმეში, ამაზე ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

მანამდე კი, 14 წლის აითაჯ შახმაროვა მკვლელობასა და იძულებით ქორწინებაზე „ფორტუნას“ სამოქალაქო აქტივისტი და იურისტი, აიჰან გასანოვი ესაუბრა.

აიჰან გასანოვისთვის მთავარი პრობლემა სისტემის მიღმა იკვეთება, რაც მისი თქმით, ე.წ მოჯადოებულ წრეს ქმნის, ხოლო ამ წრეში მთავარი ხარვეზი დაუსჯელობის სინდრომია.

„შემზარავი ამბავია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პირველი კითხვა, რომელიც უნდა დაისვას არის, თუ სად იყო სისტემა მანამდე, სანამ საქმე განსაკუთრებულ სისასტიკემდე მივიდოდა.

რეალური პრობლემა იყო მაშინ, როდესაც გაიტაცეს, 16 წლამდე ასაკის პირთან მოხდა სქესობრივი კავშირი, გაუპატიურება და დანაშაული იყო ის, რომ ამ ფაქტებზე გამოძიება არ დაიწყო – ეს არის სისტემური ხარვეზი.

ორ თვე-ნახევრის განმავლობაში ეს გოგო რომ არ დადიოდა სკოლაში, ნუთუ, სკოლიდან არ დაინტერესდნენ 14 წლის ბავშვი რატომ არ მიდიოდა გაკვეთილებზე?! ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, ე.წ სოფლის რწმუნებული არ დაინტერესებულა, ეს ბავშვი სად არის?! ეს ყველაფერი ხომ სისტემურ ჩავარდნაზე მიანიშნებს.

შესაძლოა, ყოფილიყო დანაშაულის შეუტყობინებლობა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიწყოს გამოძიება, იყო თუ არა ასე. გამოკითხვაზე რომ დაიბარებენ კონკრეტულ პირებს, თუნდაც მშობლებს, უნდა გაირკვეს ჰქონდათ თუ არა მათ ინფორმაცია.

ის რაც ამ 14 წლის გოგონას მოუვიდა არის შედეგი, იმ დანაშაულების დაუსჯელობის რაც აქამდე ხდებოდა, სწორედ ეს წარმოშობს დაუსჯელობის სინდრომს,“ – ამბობს გასანოვი.

იურისტი აღნიშნავს, რომ შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გადახედონ მუშაობის პრინციპებს. კერძოდ, სამოქალაქო აქტივისტი მიიჩნევს, რომ საჭიროა არა კანონის, არამედ მონიტორინგის გამკაცრება.

„შესაბამისმა ორგანომ უფრო ეფექტურად უნდა იმუშაოს, როდესაც ხდება დანაშაულის შეუტყობინებლობა, ამ შემთხვევაში იძულებითი ქორწინება, იმ პირმა [პირებმაც] უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ვინც ჩუმად იყო.

იძულებითი ქორწინების ან გაუპატიურების შემთხვევები ერთი და ორი არ არის, ეს თითქმის ყოველდღე ხდება, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე განსაკუთრებით მძიმედ დასრულდა.

მოჯადოებული წრე რომ დაიმსხვრეს, სხვადასხვა დაწესებულებებმა და ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა: ეს იქნება სკოლა, მასწავლებლები თუ სოფლის რწმუნებული, როდესაც ნახავს იძულების შემთხვევას, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინეს სპეციალურ სამსახურებს.

ჩვენ კანონის გამკაცრებაზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ მონიტორინგის გამკაცრებაზე. ვსაუბრობთ იმაზე, თუ რამდენად ასრულებენ ფაქტის დანახვის შემთხვევაში ნაკისრ პასუხისმგებლობებს და თუ არ ასრულებენ, ეს პირებიც უნდა მიეცენ შესაბამის პასუხისგებაში.

ვიდეო: „მაგარი გოგო იყო..ნევროზი ჰქონდა ჩემს შვილს“ – რას ჰყვება 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული კაცის მამა

მაგალითად, თუ დირექტორი დუმს და ამას ვპატიობთ, ის არც მეორეჯერ შეატყობინებს..

სტატისტიკა გვეუბნება, რომ ქვემო ქართლი მეოთხე ადგილზეა ქალთა და ოჯახის მიმართ ძალადობის შემთხვევათა რაოდენობით. სამეგრელო და იმერეთი უფრო წინ არიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანაშაული ყველგან არ ხდება.

როდესაც პოლიციელი ამბობს, რომ ეს მათი კულტურაა და მე ვერ ჩავერევი, ესეც დანაშაულია. სამართალი არ ცნობს კულტურას, რასაც გვეუბნება სისხლის სამართლის კოდექსი, ის უნდა შევასრულოთ,“ – აღნიშნავს სამოქალაქო აქტივისტი „ფორტუნასთან.“

აიჰანის მოსაზრებით, სამართლიანობის აღსადგენად, შემდგომში ასეთი მძიმე დანაშაულების პრევენციისთვის, მხოლოდ დამნაშავის დასჯა საკმარისი არ არის. 

„კი, დამნაშავე დაისჯება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, თუმცა რეალური პრობლემა ამით არ მოგვარდება, პრობლემა გვარდება პრობლემის არსებობის აღიარებით. სისტემამ უნდა აღიაროს, რომ არ მუშაობს სათანადოდ.

დღევანდელი კანონმდებლობით ნიშნობა არ არის სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან შეიძლება ნიშნობაზე მხარემ უარი თქვას, თუმცა ამ მომენტში, როდესაც კულტურული და საზოგადოებრივი ფაქტორები შემოდის კონკრეტულ პირს უჭირს უარის თქმა.

სისტემა უნდა დაფიქრდეს საჭირო ხომ არაა იძულებითი ნიშნობაც გახდეს დასჯადი. სამოქალაქო სექტორის მიერ მიწოდებული რეკომენდაციები სახელმწიფომ უნდა შეასრულოს. როდესაც ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციებს, მათ უნდა დაატრენინგონ პოლიციელები, გამომძიებლები და ა.შ. სხვა შემთხვევაში ეს არ იქნება ბოლო ფაქტი, მომავალშიც, მანამ განმეორდება, სანამ სისტემა არ აღიარებს ხარვეზს,“ – ამბობს აიჰან გასანოვი.

„შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია“ – სახალხო დამცველის განცხადება

ნათია ფანჯიკიძე: „14 წლის ბავშვს 21-ე საუკუნეში თოჯინასავით გასართობად რომ გაატან პირუტყვს, ეს არის ერთი მხრის მიერ ბავშვის გაყიდვა, მეორე მხრის მიერ ბავშვის გატაცება“

რატომ კლავენ ქალებს საქართველოში?

 

mazda magti 5g