LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხვა რა დამრჩენია? ვაპირებ, სააკაშვილის მერე ზელენსკისაც შევხვდე – მაჩალიკაშვილი

279
vaxa machalikashvili

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა რამდენიმე დღის წინ კიევში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი კიევში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

თბილისში დაბრუნების შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი „ფორტუნასთან“ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.

„უთანასწორო ბრძოლაში, როცა ადამიანს უპირისპირდება მთელი სახელმწიფო, სხვა რა დამრჩენია? ასე რომ არ ყოფილიყო, მე სხვა გზას ავირჩევდი. ამაში მილიონი პროცენტით ვარ დარწმუნებული. არ ვარ დამნაშავე და არც ჩემი შვილი არ ყოფილა დამნაშავე. ბატონ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკისკენ მიდის ჩემი გზა. არ ნიშნავს, რომ მე პოლიტიკაში მოვალ და პარტიაში გავწევრიანდები. მე ნებისმიერს შევხვდები, ბიძინა ივანიშვილმა რომ დამიძახოს, მასაც შევხვდები. ნებისმიერ „ქართული ოცნების“ წევრს შევხვდები, ოღონდ მომისმინონ. აი, ეს იყო ჩემი მიზეზი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას. მას მთელი საქართველო იცნობს. მას შეუძლია, მოგისმინოს და შეუძლია, პასუხი გაგცეს“, – აცხადებს მაჩალიკაშვილი.

მისი თქმით, სააკაშვილთან შეხვედრა იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდის.

„სააკაშვილს ყველა საკითხზე ვესაუბრე. ვისაუბრეთ ჩემ უბედურებაზე, ვისაუბრეთ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. ეს იმას არ ნიშნავს, მე სახელმწიფოს წინააღმდეგ მივდივარ. კარგად ხედავთ, ორი წლის განმავლობაში ვის წინააღმდეგ ვარ და რატომ ვიბრძვი. შევეცდები ყველა ქვეყნის თანამდებობის პირს შევხვდე, ვინც მომისმენს. უკრაინაში არიან ადამიანები, ვისაც კიდევ უნდა შევხვდე. ადამიანთან შეხვედრის უფლება მაქვს, კანონი ამას არ მიკრძალავს. მტყუანი გამომიყვანეს, სააკაშვილს შეხვდაო, მაგრამ მომისმინეთ, ამათ შვილი მომიკლეს და მადლიერების გამოხატვას ხომ არ დავიწყებ. თუ ჩემთან მართლები არიან, დამიძახონ და მათაც შევხვდები. მე არ ვიცი, ამ ხალხს რა პასუხი უნდა გავცე. წახვედი? რატომ წახვედიო, ჩამოხვედი? რატომ ჩამოხვედიო. შეხვდი? რატომ შეხვდიო? მე არ ვიცი, ამ სიტუაციას ჯოჯოხეთის გარდა რა დავარქვა“, – ამბობს მაჩალიკაშვილი.

„ფორტუნასთან“ საუბარში მაჩალიკაშვილი განმარტავს, რატომ გადაწყვიტა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა.

გეგმაში მაქვს, უახლოეს მომავალში შევხვდე ბატონ ვლადიმირ ზელენსკის. არ იფიქროთ, რომ ბატონ სააკაშვილისგან წამოვიდა ინიციატივა, რომ უკრაინის პრეზიდენტს შევხვედროდი. არავითარ შემთხვევაში. რუსეთის ფედერაციაში არიან ჩეჩნები, ვისაც აქვს მაგ ადამიანთან ნაცნობობა. რომ გაიგეს უკრაინაში ვიყავი და მიხეილ სააკაშვილს ვხვდებოდი, იმ ადამიანებისგან წამოვიდა ინიციატივა. მითხრეს, ჩვენ შეგვიძლია ზელენსკისაც შეგახვედროთო. მე მოფიქრებული და ტყუილი არასოდეს მითქვამს და არც მჭირდება. ისეთ გზას ვადგავარ, ჩემს გზაზე ტყუილი და სიბინძურე არ შეიძლება. ამ გზით უნდა წავიდე ბოლომდე“, – აცხადებს მაჩალიკაშვილი.

კითხვაზე, რას ეტყვის ვლადიმირ ზელენსკის, მაჩალიკაშვილი პასუხობს, რომ ყველაფერს გააკეთებს, ნებისმიერი გზა გაიაროს, რომელიც სიმართლემდე მიიყვანს.

„ჩემზე სახელმწიფომ უარი თქვა. სადღაც რამენაირად ხომ უნდა ვეძებო ის მისხალი, რომელიც სამართლამდე მიმიყვანს. სახელმწიფომ და დღევანდელმა ხელისუფლებამ ჩემზე უარი თქვა. არ უნდათ, მომისმინონ. არიან ადამიანები, ვინც ამბობენ, ბატონო ვახა, ჩვენ ამ დანაშაულს თუ ვაღიარებთ, ქვეყანა თავზე დაგვემხობაო. სახელმწიფო დანაშაულის აღიარება გვიჭირს, სხვა დანარჩენზე მოვდივართო. სხვა დანარჩენი ჩემთვის არ არსებობს. უნდა იქნას სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულის აღიარება. რადგან სახელმწიფომ ჩემზე უარი თქვა, იძულებული გავხდი, სადაც არის პატარა შესაძლებლობა, ყველგან ვეძებო სამართალი. ახლა ესენი ხალხს აფიქრებინებენ, მაჩალიკაშვილმა დაივიწყა თავისი სატკივარი და პოლიტიკაში მოდისო. პოლიტიკაშიც კი მოვალ თუ ეს ჩემს საქმეს დასჭირდება“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა „ფორტუნასთან“ საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g