LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებში, სწავლის დაწყებამდე დეზინფექციას ჩაატარებენ

სკოლა

სკოლებში გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. როგორც “ფორტუნას” სკოლის დირექტორებმა განუცხადეს, დეზინფექცია სხვა დროსაც პერიოდულად ტარდება, თუმცა ამ შემთხვევაში, განათლების სამინისტროს რეკომენდაციას გაითვალისწინებენ.

87-ე სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მათ სკოლაში დეზინფექცია სწავლის დაწყებამდე ჩატარდება. ამას კი, ერთერთი სადენზიფექციო კომპანია “აქუა ფოინთი” ჩაატარებს.

“სწავლის დაწყებამდე ჩავატარებთ ამ სამუშაოებს. ზოგადად, სხვა პერიოდებშიც, ჩვენს სკოლაში თვეში ერთხელ ტარდება დეზინფექცია,” – აღნიშნა დავით ჭეიშვილმა “ფორტუნასთან”.

კოჯორში მდებარე 214-ე სკოლის დირექტორის განცხადებით, მათთან ზოგადად, ავადობის გამო გაცდენის მაჩვენებელი დაბალია. სკოლის დირექტორი ამ ფაქტს კოჯრის სუფთა ჰაერს უკავშირებს. ამის მიუხედავად, სასწავლო დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოები თვეში ერთხელ ტარდება. სამუშაოები მერხების, იატაკის, კარის სახელურების სპეციალური ხსნარებით დამუშავებას გულისხმობს.

“ჩვენ სპეციალური ხსნარებით და საკუთარი ძალებით, ყოველთვიურად ვატარებთ დეზინფექციას. ახლა ვკითხავთ რესურს ცენტრს, ჩვენი ძალებით შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ, თუ რაიმე განსაკუთრებულია საჭირო. რეკომენდაციის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ორშაბათს ვაპირებთ დეზინფექციას, მანამდე შესყიდვებისთვის დოკუმენტაციას ვაგვარებთ. 170 ბავშვიანი სკოლაა, გათბობაში საკმაოდ დიდ თანხებს ვიხდით და ასე განებივრებული არ ვართ, რომ რომელიმე კომპანია მოვიყვანოთ მუდმივად, მაგრამ თუ აუცილებელია, დავუკავშირდებით ორგანიზაციას,” – აღნიშნა სკოლის დირექტორმა თამარ შუბლაძემ. 

ცნობისთვის, განათლების სამინისტრო, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებს მოუწოდებს, არდადეგების პერიოდი გამოიყენონ, სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, ხოლო სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ, სველი წესით სისტემატურად დალაგდეს საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სასკოლო ინვენტარი.

პოპულარულები