უნგრეთის შემდეგ, სლოვაკეთი გახდა ევროკავშირის მეორე სახელმწიფო, რომელიც საკუთარ მოსახლეობას რუსული წარმოების ვაქცინით აცრის.
“Sputnik V”-ის 200 000 დოზა სლოვაკეთის ქალაქ კოსიცეში გუშინ, სატვირთო თვითმფრინავით უკვე ჩაიტანეს.
იმ დრომდე, სანამ ვაქცინის პირველი პარტია ქვეყანაში ჩავიდოდა, ქვეყნებს შორის მოლაპარაკება ყველასთვის უცნობი იყო.
პირველ მარტს კი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ შესყიდვის შესახებ რუსეთთან ხელშეკრულება 27 თებერვალს გაფორმდა და სლოვაკეთი, ჯამში, სპუტნიკის 2 მილიონ დოზას მიიღებს.
მატოვიჩის განმარტებით, ქვეყანაში ვაქცინის მომდევნო დოზა ორი თვის განმავლობაში ჩავა, დამატებით ერთი მილიონით კი მაისსა და ივნისში მომარაგდება.
შეგახსენებთ, რუსული წარმოების ვაქცინა “Sputnik V” ევროპის წამლის სააგენტოს მიერ არ არის დამტკიცებული, თუმცა უნგრეთის შემდეგ, სლოვაკეთი ხდება ევროკავშირის მეორე ქვეყანა, რომელშიც ვაქცინაციის პროცესი სწორედ ამ ვაქცინით განხორციელდება.
რუსული ვაქცინა Sputnik V უკვე დამტკიცებულია 40-მდე ქვეყანაში.