LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალური მუშაკების მოლოდინები აქციის მიმართ გადაჭარბებული იყო – დავით სერგეენკო

104
socmushakebisgaficva

“სოციალური მუშაკების მოლოდინები აქციის მიმართ გადაჭარბებული იყო, რადგან მათ თვეების განმავლობაში, სხვადასხვა შეხვედრებზე დეტალურად გაუწერეს რეალისტური სამოქმედო გეგმა,”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სოციალური მუშაკების გაფიცვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრი ამბობს, რომ უწყების მთავარი მთავარი ამოცანა ახლა ისაა, რომ პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს არ შეექმნათ შეფერხება.

„ამაზე ჯანდაცვის სამინისტროს დეტალური სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული, რომელიც დღეს უკვე ძალაში შევიდა. ყველას ვარწმუნებ, არც ერთი სოციალური პროგრამების მოსარგებლეს შეფერხება არ შეექმნება. ამ სამუშაოს უკვე ასრულებენ ჯანდაცვის სამინისტრო სხვა თანამშრომლები და ასე გაგრძელდება, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ წყვეტა არ მოხდება,”- აცხადებს დავით სერგეენკო.

დავით სერგეენკო გარანტიას იძლევა, რომ სოციალური პროგრამების არც ერთი ნაწილი შეფერხებული არ იქნება.

მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 250 სოციალური მუშაკიდან 180 მუშაკი გაფიცულია.

სოციალური მუშაკები დილიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი უკვე თვეზე მეტია სისტემური ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობენ. ჯამში მათ 22 მოთხოვნა აქვთ. თუმცა, აქედან 5 მოთხოვნის დაუყოვნებლივ შესრულებას ითხოვენ. მოთხოვნებს შორისაა ხელფასების ზრდა, ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და კადრების დამატება. აქციას უკვე შეუერთდნენ სოციალური მუშაკები რეგიონებიდანაც. დღის ბოლომდე კი აქციაზე მისვლას საინიციატივო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირების წარმომადგენლებიც აპირებენ.

სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყეს. თვენახევრიანი მედიაციის პროცესი კი უშედეგოდ დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები