„მიზნობრივი სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე მომავალ წელს გამოყოფილია ერთ მილიარდ ლარზე მეტი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას.
როგორც მან აღნიშნა დაფინანსების ფარგლებში, მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დახმარება იზრდება 25 ლარით, ომში მონაწილე ვეტერანთა 22/44 ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე. მისი თქმით, მიმდინარე წლის ივლისიდან გაორმაგებული, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების სრული წლის განმავლობაში დასაფინანსებლად დამატებით გამოყოფილია 75 მილიონი ლარი, ბავშვთა ზრუნვის პროგრამების დაფინანსება შეადგენს 52 მილიონ ლარს.
მომავალ წელს მაღალმთიან დასახლებებში დაწესებული სხვადასხვა სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილია 75 მილიონი ლარი, საპენსიო სქემაში სახელმწიფოს ვალდებულებების დასაფინანსებლად მიიმართება 250 მილიონი ლარი, მუნიციპალიტეტების მიერ დაფინანსებული სოციალური პროგრამების მოცულობა შეადგენს 280 მილიონ ლარს.
ფინანსთა მინისტრმა ცალკე გამოყო პენსიონერების საკითხიც. „2022 წელს 2 მილიარდ 885 მილიონი ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე“, – აღნიშნა ხუციშვილმა. მისი განმარტებით, მომავალ წელს გათვალისწინებულია 70 წლამდე პენსიონერთა პენსიის ზრდა 20 ლარით და შესაბამისად, 1-ლი იანვრიდან მათი პენსია იქნება 260 ლარი.
„მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, იქ არსებული დანამატის გათვალისწინებით პენსია იქნება 312 ლარი. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 25 ლარით და შეადგენს 300 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პირთა პენსია 360 ლარი იქნება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.