LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბედია: „ჩემს სამეგრელოსა და მეგრელებზე ვგიჟდები, მარტვილში თვე ნახევარი ვიყავი…“

1256
სოფო ბედია

სოფო ბედიამ ჯერ ზღვაზე, შემდეგ კი მშობლიურ მარტვილში დაისვენა, სადაც ყოფნა ყველაზე მეტად უყვარს. fortuna.ge-ს საკუთარი საზაფხულო ამბების შესახებ ესაუბრა.

სოფო ბედია:

დასვენება დავიწყე ზღვით, ქობულეთში მყავდა ჩემი „ბედია სტუდიო“ წაყვანილი, ფესტივალზე „მზიანი საქართველო“, შემდეგ გადავინაცვლე ურეკში, ანდრიას შეკრებაზე ფეხბურთიდან, ოჯახებით ვიყავით, კვირაზე მეტი იქ დავყავით. მოკლედ, ორი კვირა დავისვენე ზღვაზე. შემდეგ გავემგზავრე მარტვილში, სადაც თვე ნახევარზე მეტი ვიყავი. მოგეხსენებათ, ჩემს სამეგრელოსა და მეგრელებზე ვგიჟდები, ჩემი სახლი კი განსაკუთრებულად მიყვარს, მამისეული სახლია. ყოველთვის ძალიან დიდ ბედნიერებასთან არის დაკავშირებული იქ დასვენება. ჩემი ბავშვობა იქ მაქვს გატარებული. უაღრესად თბილი ხალხია და თითოეული გოჯი არის ძალიან ძვირფასი.

ბევრი ვიდეო და ფოტოც შემოგვთავაზე მარტვილიდან…

ასე ვირთობდით თავს ვიდეოებით და ფოტოსესიებით. გვიღებდა ჩემი მაზლის შვილი, ბაჩოს გოგონა, სალომე მესხი. მიშოს ძმისშვილები ყოველთვის ისვენებენ ჩემთან. შემიძლია ვთქვა, რომ კარგი ბიცოლა ვარ, კარგი ურთიერთობა გვაქვს. სალომე საოცრად ხატავს და კარგი ხედვა აქვს გადაღებისას. ფანტასტიკური ფოტოები და ვიდეოები გადაგვიღო. ვიგონებდით სხვადასხვა რამეს და ვირთობდით თავს…

შენი მეგობარიც ჩანდა ვიდეოებში, რომელიც ასევე მომღერალია…

ამ ვიდეოებში ჩემი საყვარელი მეგობარი სოფო ბუთურიშვილი მონაწილეობს. სოფო დედით მეგრელია, მარტვილიდან არის და მეზობელ სოფელში აქვს სახლი, მაგრამ მოვტაცე თავის ოჯახს და რამდენიმე დღე ჩემთან გაატარა.

შენი ნამზეური, წინა წლის მსგავსად, ახლაც შთამბეჭდავია…

ზღვა და პლუს მთა, ორივეს ნამზეური მაქვს. სხვათა შორის, ახლა გადამივიდა, რადგან ორ კვირაზე მეტია, თბილისში დავბრუნდი…

ოჯახთან ერთად ისვენებდი?

რა თქმა უნდა, ჩემთან ერთად იყვნენ ჩემი შვილები: ნიკოლოზი და ანდრია, მიშა, ჩემი დედამთილი – საკმაოდ დიდი შემადგენლობით ვიყავით, პარალელურად ჩამოდიოდნენ ჩვენი მეგობრებიც….

მიშასთან ერთად ჩახუტებული ფოტო რომ დადე, ერთი ამბავი მოჰყვა სოციალურ ქსელში…

გურიაში გახლდით, ძალიან მაგარ სოფელში, ხიდისთავში, ქალაქივით სოფელია. იქ არის გუბაზეული, საოცარი მდინარე, სადაც არის გადაღებული ჩემი და მიშას ეს ფოტო. ჯერჯერობით ვერ გავარკვიე, რა უნდათ ჩვენგან (იცინის) მგონი, უფრო პოლიტიკური ამბავი ხდება მანდ. მიშას პოლიტიკური ხედვის გამო ზოგადად ძალიან ვიჭყლიტები… თუ მეუღლის, თუ ძმის მხრიდან… (იღიმის) ყველას თავისი მოსაზრება და თავისი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ. ჩემთვის მიშა ძალიან კარგი ქმარია, კარგი მამა და კარგი მეუღლე, შვილი და მეგობარია, იუმორით აღსავსე. ისიც არ მინდა, რომ ძალიან ვაქო და ვადიდო, რადგან ზოგს ესეც არ მოსწონს, მაგრამ რა ვქნა, თუ ვინმეს ჩემი კარგად ყოფნა არ უხარია…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები