LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ნიჟარაძე „ოქროს ტალღის“ და ახალი გამოწვევის შესახებ, რომლის წინაშეც დგას…

236

სოფო ნიჟარაძე რადიო „ფორტუნას“ სტუმრობდა, სადაც თავისი სხვადასხვა საინტერესო აქტივობის შესახებ ისაუბრა. Fortuna.ge-მ დრო იხელთა და მომღერალს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა, მათ შორის, „ოქროს ტალღასთან“ დაკავშირებითაც, რომლის ნომინანტი სიმღერა მისი „მაპატიე“ გახდა.

სოფო ნიჟარაძე:

არაერთხელ მითქვამს და ახლაც აღვნიშნავ, რომ ეს დაჯილდოვება არის ძალიან დიდი სტიმული ყველა მომღერლისთვის, როგორც დამწყებისთვის, ასევე უკვე შემდგარი შემსრულებლებისთვის, კიდევ მეტი იმუშაონ თავზე, მეტი შესთავაზონ საზოგადოებას, ეს არის საშუალება, რითაც მომღერალი კიდევ უფრო უახლოვდება მსმენელს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ვარ ნომინანტთა შორის. დაჯილდოვების ცერემონიას წარმატებებს ვუსურვებ და მინდა, ყოველ წელს იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე წინა წელს იყო. თუკი ეს დაჯილდოვება იქნება, მომღერლები უფრო მეტს იმუშავებენ.

„მაპატიე“ ის პროექტია, რომელზეც სტეფანესთან ერთად ბევრი იმუშავე. დღეს როგორ უყურებ ამ სიმღერას?

ეს არის აკადემიური, კლასიკური სიმღერა. მასზე იმუშავა ნიკოლოზ რაჭველმა, რომელიც ფენომენალური მუსიკოსია. უნდა ვამაყობდეთ, იმდენად გენიალური და საოცარი მუსიკოსია და მისით მსოფლიოც უნდა ამაყობდეს. ყველაზე იგივე შემიძლია ვთქვა, ვინც ამ პროექტზე იმუშავა, დაწყებული მუსიკის, ტექსტის ავტორებით, ძალიან მაგარი ვიდეოს რეჟისორით, ზაზა ორაშვილით გაგრძელებული და ალეკო ბერძენიშვილით დასრულებული, რომელმაც შესანიშნავად გამიქსა ეს სიმღერა. აღარაფერს ვამბობ სტეფანე მღებრიშვილზე, რომელიც არის ჩემი მეგობარი და ასევე გამორჩეული არტისტი, იმავენაირად წარმატებული პროდიუსერი. ძალიან კარგი წამები, წუთები და საათები მახსოვს ამ პროექტზე მუშაობის. დიდი პროექტი იყო და საკმაო ხანს გაგრძელდა მასზე მუშაობა. ამხელა ორკესტრის შეკრება და ჩანაწერის გაკეთება არ იყო ადვილი, მაგრამ მაქსიმალურად დროულად ვიმუშავეთ.

ნახვებიდან გამომდინარე, ხალხს მოეწონა. „ფეისბუქ“-გვერდზე ძალიან მალევე 800 000 ნახვა ჰქონდა, ასევე „იუთუბსა“ და სხვა საშუალებებზე. მიხარია, რომ „ოქროს ტალღამაც“ შეაფასა და დააფასა ეს ნამუშევარი (იღიმის).

ახალ პროექტზე ხომ არ მუშაობ?

ახლა დაკავებული ვარ „იქს ფაქტორში“, ჩემი პირადი გეგმებისთვის ნაკლები დრო მრჩება, თუმცა პარალელურად ვფიქრობთ, რა უნდა იყოს შემდეგი. არსებობს რამდენიმე ვარიანტი. სტეფანეს ჰქონდა ვარიანტები და მომაწოდა, მისთვის არ არის პრობლემა, რამდენსაც გინდა, იმდენ იდეას მოგაწოდებს (იცინის). როგორც კი ფანჯარა გვექნება, დავიწყებთ მუშაობას. ეს შეიძლება იყოს ძველის იმღერა. ახლა ძალიან მოდურია ძველის გაახლება, მაგრამ ისე ჩავწერთ, რომ შეიძლება, ახლადაც მოინათლოს, როგორც სტიოპას ბოლოდროინდელი ტრეკები. ეს მსოფლიო ტენდენციაა და ჩვენც ამას მივყვებით. ქართულ სიმღერაზე მაქვს საუბარი.

რაც შეეხება დაჯილდოვებას, სადაც წარდგენილი ხარ ნომინანტად.

საქართველო აქ პირველად მონაწილეობს, ეს ჩვენი გუნდის, ჩემი და სტეფანეს წარმატება იქნება. ხმის მიცემა, როგორც ვიცი, ივლისის ბოლომდე იქნება. ეს არის უცხოური კონკურსი – The Daf Bama Music Awards. ხმის მიცემა შესაძლებელია შემდეგნაირად, სოცქსელში უნდა დაწეროთ – #DafBama2017_SofiaNizharadze. ჯერჯერობით კარგად მიდის პროცესი, ბევრი მხარდაჭერა გვაქვს. თუკი იქნება საკმარისი მხარდაჭერა, აქ გამარჯვება მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ ჩემთვის და სტეფანესთვის, არამედ საქართველოსთვისაც.

საზღვარგარეთ რაიმე გეგმები გაქვს? ვთქვათ, კონკურსში მონაწილეობა.

ჯერჯერობით არა. მაქვს რამდენიმე გასტროლი. პროექტებს ვგეგმავ საქართველოში. რაც ვთქვით უკვე, იმის გარდა, ვიწყებ მუშაობას მუსიკის აკადემიაში. თვითნასწავლობა კარგია, მაგრამ უკეთესია, როცა ბავშვების აღზრდაში პროფესიონალები ერევიან. მე ამ ყველაფერს ვუხელმძღვანელებ და ვოკალის განხრით ჩავატარებ გაკვეთილებს. ბავშვებს ექნებათ საშუალება, მიიღონ მონაწილეობა შიდა კონკურსებშიც. საზღვარგარეთ ნიჭიერი ბავშვების გამგზავრებას სხვადასხვა საბავშვო კონკურსზე აკადემია დააფინანსებს, აკადემიაში განსაკუთრებული ტალანტის ბავშვები 50%-იანი ფასდაკლებით ან სულ უფასოდ ისწავლიან… ჩემთვის ეს საინტერესო და ახალი ეტაპია. „იქს ფაქტორმა“ გამომიმუშავა პედაგოგიური თვისებები, რასაც აკადემიაში გამოვიყენებ და გავაღრმავებ.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები