“სოკარ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი დღეს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსა და ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს შეხვდება. შეხვედრის თემა “სოკარის” მიერ საქართველოს გაზმომარაგების საკითხი და “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებები იქნება.
როგორც მამედოვმა ტელეკომპანია “მაესტროს” ეტერში განაცხადა, “სოკარს” საქართველოში გაზზე არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მისი გაზრდის შემთხვევაშიც შეუძლია.
“საქართველოს მოთხოვნა გაზზე ნელი ტემპით იზრდება და პროგნოზირებადია, შესაბამისად, ჩვენს გეგმაში მოსალოდნელ ზრდას ყოველთვის ვითვალისწინებთ. ზრდა წელიწადში 8-9%-ს გულისხმობს. თუ რაიმე რადიკალური ცვლილება იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას ყოველთვის წინასწარ ვიღებთ. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენ საქართველოსთვის საჭირო ოდენობის გაზის მიწოდება ვერ შევძელით,”- განაცხადა მამედოვმა.
“გაზპრომი” ითხოვს გაზის სომხეთზე გატარების საფასური საქართველოს გაზის ნაცვლად თანხაში გადაუხადოს. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა, საქართველო აზერბაიჯანიდან დღეში 11 მილიონზე მეტ კუბურ მეტრ გაზს იღებს და ფიზიკურად ”სოკარისგან” დამატებითი მოცულობის მირება არ შეუძლია.