საქართველოში სომხეთის ახალი ელჩი, აშოტ სმბატიანი ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრობს.
ელჩმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მიზანი იქნება ქვეყნების მოქალაქეებს შორის პირადი კონტაქტების გააქტიურება პრინციპით „მეტი სომხეთი საქართველოში და მეტი საქართველო სომხეთში“.
მისივე თქმით, საელჩოს საქმიანობის უმთავრესი მიმართულება გახდება აქტიური პოლიტიკური დიალოგის უზრუნველყოფა როგორც მაღალ, ასევე სამუშაო დონეზე:
„ცნობილია, რამდენად განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთი საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას თითქმის ყველა სფეროში, რისი საუკეთესო მაგალითიც არის მთავრობის მეთაურებისა და ჩვენი ქვეყნების სხვადასხვა მინისტრის რეგულარული ოფიციალური და სამუშაო კონტაქტები.
ჩვენი საქმიანობის უმთავრესი მიმართულება გახდება აქტიური პოლიტიკური დიალოგის უზრუნველყოფა როგორც მაღალ, ასევე სამუშაო დონეზე.
ასევე, მნიშვნელოვანი სფეროა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა. 2021 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, ზრდის ტენდენცია 2022 წელსაც გრძელდება და ჩვენ ვაპირებთ ყველაფერი გავაკეთოთ ამ ტენდენციის შესანარჩუნებლად.
ასევე, პრიორიტეტი ენიჭება თანამშრომლობას და საქართველოსთან ერთობლივი პროექტების განხორციელებას ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. ორმხრივი თანამშრომლობის ბოლო ასეთი წარმატებული მაგალითია ბაგრატაშენ-სადახლოს საგუშაგოზე ახალი „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ჩემი, როგორც ელჩის საქმიანობაში, იქნება ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებს შორის პირადი კონტაქტების გააქტიურება „მეტი სომხეთი საქართველოში და მეტი საქართველო სომხეთში“ პრინციპით. ამ კონტექსტში, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ როგორც ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას, ასევე ჩვენი ქვეყნების კულტურის მოღვაწეებს, მეცნიერებს, სტუდენტებსა და ექსპერტთა საზოგადოებებს შორის კონტაქტებს.
სომხეთი, როგორც ახალგაზრდა დემოკრატია, დაინტერესებულია დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის დადებითი ფაქტორი ჩვენს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამ საკითხში საქართველოც ჩვენი თანამოაზრეა“, – აცხადებს აშოტ სმბატიანი.