კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრები მცირეწლოვანი ბავშვებისთვის შექმნილ ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ სათამაშოებზე რეგულაციების გამკაცრებას მოითხოვენ. აღნიშნული მოთხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი კვლევა გამოქვეყნდა ხუთ წლამდე ბავშვების ასეთ ტექნოლოგიასთან ურთიერთობის თაობაზე.
კვლევა Gabbo-ს სახელით ცნობილ რბილ სათამაშოს დაეყრდნო. Gabbo-ში ინტეგრირებულია OpenAI-ს ჩატბოტი, რომელიც ხმაზე რეაგირებს. სათამაშო შექმნილია იმისათვის, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვები საუბრისკენ და წარმოსახვითი თამაშისკენ წაახალისოს.
კვლევაში მონაწილე მშობლები ინტერესით აკვირდებოდნენ სათამაშოს პოტენციალს ენობრივი და საკომუნიკაციო უნარების განვითარების თვალსაზრისით. თუმცა ბავშვებს Gabbo-სთან საუბარი ხშირად უჭირდათ, რადგან ის ვერ აღიქვამდა მათ პაუზებს, ხშირად ფარავდა ბავშვის ხმას, ვერ არჩევდა ბავშვისა და ზრდასრულის ხმას ერთმანეთისგან და უხერხულად რეაგირებდა სიყვარულის გამოხატვაზეც კი.
მაგალითად, როდესაც ერთმა ხუთი წლის ბავშვმა სათამაშოს უთხრა: „მიყვარხარ“, მან უპასუხა: „გთხოვ დარწმუნდე, რომ ინტერაქცია მითითებულ რეკომენდაციებს შეესაბამება. მითხარი, როგორ გინდა გაგრძელება.“
მკვლევრების შეშფოთება უკავშირდება იმას, რომ განვითარების იმ ეტაპზე, როდესაც ბავშვები სოციალურ ურთიერთობასა და ემოციური სიგნალების ამოცნობას სწავლობენ, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მსგავსი პასუხები მათთვის, შესაძლოა, დამაბნეველი აღმოჩნდეს.

კვლევის თანაავტორის, დოქტორ ემილი გუდაკრის თქმით, ისეთი სათამაშოები, როგორიცაა Gabbo, შეიძლება, „არასწორად კითხულობდეს ემოციებს ან შეუსაბამოდ რეაგირებდეს“, რის შედეგადაც „ბავშვები შეიძლება დარჩნენ როგორც სათამაშოთი იმედგაცრუებულები, ისე ზრდასრულის მხარდაჭერის გარეშე“.
მაგალითად, როდესაც ერთმა სამი წლის ბავშვმა Gabbo-ს უთხრა: „მოწყენილი ვარ“, სათამაშომ უპასუხა: „ნუ ღელავ! მე ბედნიერი პატარა ბოტი ვარ. მოდი გავაგრძელოთ გართობა. კიდევ რაზე ვისაუბროთ?“
მკვლევრების თქმით, მსგავსმა პასუხებმა, შესაძლოა, ბავშვს აფიქრებინოს, რომ მისი სევდა მნიშვნელოვანი არ არის.
AI სათამაშოებზე ერთწლიანი დაკვირვების შემდეგ სპეციალისტები აცხადებენ, რომ მარეგულირებლებმა უკვე უნდა მიიღონ ზომები, რათა ხუთ წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტები „ფსიქოლოგიური უსაფრთხოების“ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.
Gabbo-ს მწარმოებელია კომპანია Curio, რომელიც მომღერალ გრაიმსთან, ილონ მასკის ყოფილ პარტნიორთან თანამშრომლობდა.
კომპანიამ BBC-ს განუცხადა: „ბავშვებისთვის განკუთვნილ პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს, ამიტომაცაა, რომ ჩვენი სათამაშოები მშობლების ნებართვით, გამჭვირვალობისა და კონტროლის პრინციპებზე დაყრდნობით იქმნება. იმის კვლევა, თუ როგორ ურთიერთობენ ბავშვები AI-ს მქონე სათამაშოებთან, Curio-სთვის პრიორიტეტია წელსაც და იქნება მომავალშიც.“
სპეციალისტები მშობლებს ასევე ურჩევენ, AI სათამაშოები საერთო სივრცეებში განათავსონ, რათა ბავშვების მათთან ურთიერთობა გააკონტროლონ, ასევე ყოველთვის ყურადღებით გაეცნონ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
