განათლების სამინისტრო ინკლუზიური განათლების პროგრამის რეფორმაზე მუშაობს. ცვლილებები შეეხება ინკლუზიური განათლების პროგრამის დაფინანსების მოდელს, იგეგმება სპეცმასწავლებლის პროფესიის განვითარება და სახელფასო ფონდის გადახედვა.
სამუშაო დოკუმენტი უწყებას უკვე შემუშავებული აქვს.
ინკლუზიური განათლების რეფორმის დეტალებზე “ფორტუნას” ინკლუზიური განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ეკა დგებუაძე, ესაუბრა.
- როგორც ვიცით, განათლების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების პროგრამის განხორციელების მონიტორინგი დაასრულა, რა გამოწვევები გამოიკვეთა მონიტორინგის შედეგად?
ეკა დგებუაძე: გამოწვევები, რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრია, რაც ჩვენც ძალიან კარგად გვესმის. ეს არის მასწავლებლის კვალიფიკაცია, რაც ამ მონიტორინგმაც აჩვენა, ასევე სპეციალური მასწავლებლების კვალიფიკაცია, ცნობიერება თვითონ მშობლების და სკოლის კულტურა, ინფრასტრუქტურული საკითხები, რაც ასევე მნიშვნელოვანია.
- რა პრობლემები გამოიკვეთა უშუალოდ სპეციალური მასწავლებლების კვალიფიკაციის კუთხით? ხომ არ აქვს სამინისტროს ამ პროფესიის განვითარების მიმართულებით კონკრეტული გეგმები?
ეკა დგებუაძე: არსებობს სატრენინგო მოდულები მასწავლებლის სახლში, თუმცა, ახლა ვმუშაობთ სპეცმასწავლებლის პროფესიის განვითარებაზე. სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების სქემა დამტკიცდება, ასევე მოჰყვება ამ სქემას სპეციალური მასწავლებლის განათლების კომპონენტი საუნივერსიტეტო დონეზე. სამაგისტრო პროგრამა არსებობს, მაგრამ ეს არაა საკმარისი, რომ უპასუხოს იმ გამოწვევას, რის წინაშეც დღეს განათლების სისტემა დგას. ამიტომ მისი განვითარებაც, როგორც საგანმანათლებლო, ასევე გადამზადების ნაწილში, წელს იგეგმება. სამუშაო დოკუმენტი უკვე არსებობს, რომელიც ნელ-ნელა დამტკიცდება და კანონში ცვლილება შევა საგაზაფხულო სესიაზე.
- დღეს სპეციალური მასწავლებლის ხელფასი, როგორც ვიცით, 240 ლარით განისაზღვრება. სქემის დამტკიცების შემდეგ, ხომ არ იგეგმება ასევე მათი ხელფასის გადახედვაც?
ეკა დგებუაძე: რა თქმა უნდა, ხელფასის მიმართულებითაც იგეგმება ცვლილებები. მას შემდეგ, რაც კანონში ცვლილება შევა, უშუალოდ სპეცმასწავლებლის ახალი დაფინანსების წესი გაიწერება და იქ გაიწერება უკვე მათი განათლების, კვალიფიკაციის და სტაჟის მიხედვით ხელფასი. მთლიანად რეფორმა შეეხება უკვე სპეცმასწავლებლის პროფესიის განვითარებას, რაც გულისხმობს ასევე სახელფასო ფონდის გადახედვას და შეცვლას იმიტომ, რომ ეს ადამიანები აღიარებულნი უნდა იყვნენ მასწავლებლებად. კანონში ცვლილების შემდეგ უკვე სქემის დამტკიცებაზე დავიწყებთ მუშაობას, ეს 2018 წლის ბოლომდე იქნება.
- სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მშობლები გამოწვევებზე საუბრისას ხშირად აღნიშნავენ სკოლაში პერსონალური ასისტენტის საჭიროების საკითხს, ასევე პოზიტიური ქცევის მართვის აუცილებლობას და ამ კუთხით სპეციალური პროგრამების განხორციელების საჭიროებას.
ეკა დგებუაძე: პოზიტიურ ქცევას რაც შეეხება, ჩვენ დავიწყეთ ორი წლის წინ პოზიტიური ქცევის მართვის პროგრამა ერთ-ერთ სკოლაში და წელს უკვე დაგეგმილია გზამკვლევების გაკეთება, რაც უკვე ყველა სკოლას მოიცავს და ეს იქნება სარეკომენდაციო დოკუმენტი ყველა სკოლისთვის.
- ხომ არ იგეგმება სკოლებში პროფესიონალების ჩართულობით უშუალოდ პროგრამის ამოქმედება?
ეკა დგებუაძე: ამის ამოქმედება ისე, რომ ყველა სკოლაში რომ ხვალ დაინერგოს, ძალიან ძნელია. ჩვენ მასწავლებლის სახლში გვაქვს საკონსულტაციო ჯგუფი და კონსულტანტი ინდივიდუალურად სწავლობს თითოეულ ქეისს, მიდის ადგილზე, დაკვირვებას ახდენს, შემდეგ რეკომენდაციებს აძლევს სკოლას, მასწავლებელს, როგორ მოიქცეს კონკრეტულ ბავშვთან თუ კლასთან მიმართებაში.
რაც შეეხება პერსონალურ ასისტენტს, ასეთი შტატი დღეს განათლების სამინისტროს საერთოდ არა აქვს. თუმცა, ჩვენც ვაღიარებთ, რომ მათი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გამოცდილებამ და იმ მოსწავლეების საჭიროებებმა აჩვენა, რომლებიც სისტემაში არიან.
არ არსებობს სკოლა, რომელიც გაზრდის პერსონალურ ასისტენტს, ჩვენ ვგეგმავთ, რომ დავიწყოთ მუშაობა პერსონალური ასისტენტის საგანმანათლებლო პროგრამაზე. რაც შეეხება დაფინანსებას, ამას ვინ უზრუნველყოფს, ეს უნდა გახდეს განხილვის თემა, რადგან მიგვაჩნია, რომ განათლების სამინისტრომ პერსონალური ასისტენტი, სავარაუდოდ, არ უნდა დააფინანსოს. ადგილობრივი თვითმმართველობა მიგვაჩნია უფრო იმ ოგრანოდ, რომელმაც უნდა ეს უნდა გააკეთოს.
- თუ გაქვთ ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია?
ეკა დგებუაძე: ამასთან დაკავშირებით დიალოგს ვაპირებთ სხვადასხვა უწყებებთან. ჯერ არ გვაქვს დაწყებული, თუმცა, ვგეგმავთ. ჩვენი პირველი ნაბიჯი არის ის, რომ დავიწყებთ მომზადების პროგრამაზე მუშაობას იმიტომ, რომ დღეს პერსონალური ასისტენტის პროფესიას ქვეყანა არ სცნობს. ამიტომ რა კვალიფიკაცია, განათლება და კომპეტენცია უნდა ჰქონდეს ამ ადამიანს, ეს უნდა გაიწეროს და შესაბამისი პროგრამა მომზადდეს.
- მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროში ასეთი შტატი არ არსებობს, მშობლები საჭიროების შემთხვევაში ითხოვენ პერსონალური ასისტენტის მომსახურებას სკოლებში, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ამ სერსვისის მიღება საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. დღეისათვის, როგორც ვიცი, ეს დამოკიდებულია სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე. მოთხოვნის შემთხვევაში, დაფინანსების რა მოდელი არსებობს დღეს?
ეკა დგებუაძე: ინკლუზიური განათლების დაფინანსების მოდელით, სკოლა იღებს დამატებით დაფინანსებას და თავად განსაზღვრავს, რა საჭიროებაც აქვს ბავშვს და იმის მიხედვით მოახდინოს ამ თანხის მობილიზება, ეს იქნება ადამიანური რესურსი, პროფესიონალების სახით, სასწავლო რესურსი, გარემოს მოწყობა თუ სხვა. დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, თვითონ სკოლამ უნდა განსაზღვროს საჭიროება.
- ინკუზიური განათლების პროგრამის დაფინანსების არსებულ მოდელში რა ხარვეზებია, მოდელის შეცვლა თუ იგეგმება?
ეკა დგებუაძე: როცა სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების სქემა დამტკიცდება და ამოქმედდება, ეს ავტომატურად გამოიწვევს დაფინანსების მოდელის გადახედვას. 2018 წლის ბოლომდე, როცა სპეცმასწავლებლის სქემის მოდელი იქნება დამტკიცებული, მაშინ უკვე პარალელურად მოხდება დაფინანსების მოდელის გადახედვა და დამტკიცება.
- პერსონალური ასისტენტების კუთხით ცვლილებებსაც 2018 წლის ბოლომდე უნდა ველოდოთ?
ეკა დგებუაძე: ვერ გეტყვით წინასწარ. ჩვენი ინტერესია, რომ უშუალოდ პროგრამის ამოქმედება ბავშვის საჭიროებაზე მორგებული იყოს და ვნახოთ, როგორც გადანაწილდება პასუხისმგებლობა. მარტო ჩვენ არ ვიქნებით ჩართულნი, სხვადასხვა მხარე იქნება, ფინანსისტები და იმ მოცემულობას უნდა მოერგოს, რაც არსებობს.
თაკო ივანიაძე