LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტარბაქსი“ საქართველოში ოპერირებას იწყებს – პირველი ობიექტი ზაფხულში Alshaya Group-თან პარტნიორობით თბილისში გაიხსნება

1115
სტარბაქსი

„სტარბაქსი“ საქართველოში შემოდის – როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბრენდის მაღაზიები Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნება, რომელიც „სტარბაქსის“ ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში.

ეს მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც „სტარბაქსის“ გლობალური ქსელის გაფართოების, ასევე Alshaya Group-ის ევრაზიის რეგიონში ოპერირების გაძლიერების თვალსაზრისით. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი დასაქმების ზრდასა და ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.

„სტარბაქსის“ პირველი ობიექტი 2026 წლის ზაფხულში, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, Axis Towers-ში გაიხსნება, ხოლო მომდევნო თვეებში ქსელის გაფართოება, თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.

„სტარბაქსის“ ბრენდის შემოსვლა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

Saleh Alshaya, „სტარბაქსის“ პრეზიდენტი Alshaya Group-ში:

„ვამაყობთ, რომ „სტარბაქსს“ წარვუდგენთ ყავის ქართველ მოყვარულებს. ბრენდის საქართველოში შემოსვლას დიდი მოლოდინი ახლდა, რაც სრულად ეხმიანება ქვეყნის განვითარებულ კაფე-კულტურასა და ახალგაზრდა, დინამიკურ სამომხმარებლო გარემოს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გამოსცადოს „სტარბაქსის“ მაღალი ხარისხი და გამორჩეული სტუმართმოყვარეობა, ამავდროულად კი ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მომწოდებლების განვითარებასა და დასაქმების ახალი შესაძლებლობების გაჩენას საქართველოში.“

Duncan Moir, „სტარბაქსის“ პრეზიდენტი ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში:

„მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირების შემდეგ, Alshaya Group-თან პარტნიორობით, ახლა უკვე შეგვიძლია ჩვენი უნიკალური ყავის გამოცდილება შევთავაზოთ ახალ მომხმარებლებს საქართველოში. ეს ნაბიჯი გვაძლევს შესაძლებლობას, წვლილი შევიტანოთ რეგიონში მზარდ ყავის კულტურაში, შევქმნათ ახალი კავშირები და განვახორციელოთ ინვესტიცია იმ საზოგადოებებში, რომელთაც ვემსახურებით.“

მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი:

„რამდენიმეწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, ქუვეითში საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და დახმარებით, წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები Alshaya Group-თან და „სტარბაქსის“ ბრენდი უკვე ოფიციალურად შემოდის ქართულ ბაზარზე. ეს იყო ხანგრძლივი და ინტენსიური პროცესი – საქართველოში არაერთხელ ჩამოვიდა კომპანიის მაღალი რანგის დელეგაცია, სააგენტოსთან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობდა ბაზრის სიღრმისეული შესწავლა, ლოკაციების დათვალიერება და პოტენციურ პარტნიორთან შეხვედრები. დღეს უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგი – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, გააუმჯობესებს სერვისების ხარისხს და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას.“

ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე:

„ჩვენ მივესალმებით საქართველოს ბაზარზე ისეთი გლობალური ბრენდის შემოსვლას, როგორიც სტარბაქსია. ეს არის მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიცია და რაც მთავარია, მკაფიო გზავნილი იქნება სხვა ინვესტორებისთვის საქართველოს ბაზრით დაინტერესების თვალსაზრისით. სხვადასხვა ავტორიტეტული რეიტინგებითა და შეფასებებით საქართველო ლიდერია არა მხოლოდ ფართე რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბითაც ბიზნესისადმი მეგობრული და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს კუთხით. ამდენად, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო მოექცევა არა მხოლოდ „სტარბაქსის“, არამედ სხვა ცნობადი გლობალური ბრენდების ინტერესის არეალში. დარწმუნებული ვართ, რომ კომპანიის პირველ ობიექტს მალე ქსელად გადაიქცევა და წარმატებით განვითარდება თბილისსა და სხვა ქალაქებში“.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე:

„საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ კოორდინაციით, საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების მეშვეობით აქტიურად მუშაობს გლობალური ბრენდების საქართველოში შემოყვანის მიმართულებით. „სტარბაქსის“ საქართველოში შემოსვლა რამდენიმეწლიანი ერთობლივი მუშაობის კარგი მაგალითია და ეს მოვლენა ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკა და შექმნილი გარემო სულ უფრო მიმზიდველი ხდება გლობალური ბრენდებისთვის. სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას“.

Alshaya Group-ი „სტარბაქსის“ 800-ზე მეტ ობიექტს მართავს თურქეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ხოლო მთლიანობაში კომპანიის პორტფელში 13 ბაზარზე წარმოდგენილი „სტარბაქსის“ 2000 მაღაზიაა.

„სტარბაქსი“ 1971 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთ წამყვან მომწოდებელს მსოფლიოში. დღეს კომპანიის ქსელი 40 000-ზე მეტ ობიექტს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g