LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტიქიით დაზარალებული კახეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

198
96525105-2629941933993618-8530484174379810816-o

რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმის შედეგად კახეთის რეგიონში 20-მდე სოფელი დაზარალდა. გადაუღებელმა წვიმამ გაანადგურა 150 ჰექტარამდე ნათესები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და გზები. სტიქით დაზარალებული ლაგოდეხის, ყვარლისა და ახმეტის  სოფელში დღეიდან დეტალური აღწერა იწყება.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მსგავსი პრობლემა მათ ყოველ წელს აქვთ, მიზეზად კი გაუწმენდავ სანიაღვრე არხებისა და უხარისხოდ ჩატარებულ ნაპირსამაგრ სამუშაოებს ასახელებენ.  მოსახლეობა სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში მათ დახმარებას დაჰპირდა ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი, რომელმაც გლეხებსა და ფერმერებს დაზღვევის სერვისით სარგებლობა ურჩია.

“დაახლოებით 11 კილომეტრი ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩავატარეთ, კაპიტალურად მოვაწყეთ. სამუშაოები მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება. ვცდილობთ, აღვრიცხოთ, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურული ზარალი რაც არის, რა სამუშაოები შეიძლება სამომავლოდ, პრევენციის მიზნით ჩატარდეს. მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში რაც იქნება, შესაბამის დახმარებას აღმოვუჩენთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დაზღვევის მექანიზმი არსებობს ჩვენს ქვეყანაში და ყველამ, გლეხმაც და ფერმერმაც თავისი მოსავალი უნდა დააზღვიოს”, – აცხადებს ჯონდო მდივნიშვილი.

შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის შედეგად ლაგოდეხის რამდენიმე სოფელი დაიტბორა. გუშინ მდინარე კაბალი ადიდდა, დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, ასევე საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.