LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტივ ჯობსი“ – ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

213

როდესაც კინომოყვარული გაიგებს, რომ სცენარისტმა აარონ სორკინმა რომელიმე სერიალს ან ფილმს მოჰკიდა ხელი, ზუსტად იცის, რომ ის ძალიან საინტერესო იქნება და მისი ნახვა ღირს, რადგან სორკინი დიალოგების ნამდვილი ღმერთია, მან კარგად იცის, როგორ გამართოს ფრაზა და რა რის შემდეგ უნდა დაალაგოს, რომ ეკრანს თვალი (და ყური) ვერ მოსწყვიტოთ.

აარონ სორკინის სცენარული ჯადოქრობების სიაში შედის ისეთი ბრწყინვალე სერიალი, როგორიც „ნიუსრუმი“ გახლავთ, ჯეფ დენიელსით მთავარ როლში. იქაც მნიშვნელოვანია დიალოგები, რომლებიც ვთქვათ სიმართლე, საკმაოდ რთული შესაქმნელია, მაგრამ აარონ სორკინს ეს არაფრად უღირს და ამით შეიძლება, ცოტა ნერვებიც მოგიშალოთ, თავად მთავარ პერსონაჟთან ერთად. ის ნერვებისმომშლელად გენიოსია. ჯობსს მაიკლ ფასბენდერი განასახიერებს და ვერ ვიტყვით, რომ საშუალო ნიჭის მქონე მსახიობებზე ასევე ნერვების მომშლელად არ იმოქმედებს მისი დამაჯერებლობა ეკრანზე… თუმცა ისევ სცენარს დავუბრუნდეთ… ეს არის ფილმი, რომელსაც არა მხოლოდ უნდა უყუროთ, რაც დენი ბოილის სრულიად დინამიკური რეჟისურის გამო დიდ სიამოვნებას მოგგვრით, არამედ უნდა უსმინოთ კიდეც, და კვლავ ეს წყეული დიალოგები, რომლებსაც ვერსად გაექცევით, რადგან ეს ფილმი სწორედ მათზეა აწყობილი… სტივ ჯობსი თავისი ცნობილი გამოსვლების წინ აგვარებს ყველა, საქმესა თუ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ პრობლემას, ან პირიქით, ქმნის მათ… და მასთან ერთად დახეტიალობთ კულისებში, ხვდებით მის რამდენიმე ერთგულ ადამიანს მუდმივი გარემოცვიდან, ისტერიკულ ყოფილ გერლფრენდს, რომელიც მუდმივად ფულს ითხოვს, შვილს, რომელიც ყურადღებას ითხოვს, მეგობრებს, რომლებიც კაცმა არ იცის, რას ითხოვენ…

2 იანვარს „სტივ ჯობსის“ პრემიერა საქართველოშიც შედგა, კინო „ამირანში“. მისი ნახვა უკვე შეგიძლიათ და მეტიც, ვალდებული ხართ, ეს ფილმი ნახოთ, რადგან რომ არა სტივ ჯობსი, მსოფლიო ისეთი არ იქნებოდა, როგორიც მისი გამოგონებების შემდეგ გახდა. მისმა მეგობარმა, სტივ ვოზნიაკმა, რომელთან ერთადაც მუშაობა დაიწყო, ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ის საღამო, როდესაც „სტივ ჯობსის“ ყურება გადაწყვიტა, ძალიან საინტერესოდ გაატარა, მაგრამ არა ფილმის, არამედ კონცერტის გამო, რომელიც მანამდე ნახა. რაც შეეხება ფილმს, ვოზნიაკის თქმით, იქ ბევრი რამ  არასწორადაა გადმოცემული. მიუხედავად ასეთი შეფასებისა, ფილმი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო გონების შესახებ შედგა და ის 4 „ოქროს გლობუსზეა“ წარდგენილი, აშკარაა, რომ „ოსკარის“ ნომინაციებიც არ ასცდება და წარმოადგენს ერთ-ერთ ღირებულ ნამუშევარს იმ ადამიანის შესახებ, რომელმაც თავისი სიჯიუტითა და იდეებით სამყაროს გადატრიალება მოახერხა.

12482850_10207155070168200_639036255_o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები