სტოკჰოლმის მაცხოვრებლები შეძლებენ, რომ დაბინძურებულ ჰაერს თავი აარიდონ და შედარებით სუფთა მარშრუტებით გადაადგილდნენ. ამისათვის, შვედეთის დედაქალაქის მერიამ შექმნა სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მოსახლეობას ჰაერის მდგომარეობის შესახებ განახლებად ინფორმაციას მიაწვდის.
აღსანიშნავია, რომ სტოკჰოლმი ევროპის ყველაზე სუფთა ქალაქების ათეულშია. მიუხედავად ამისა, ჰაერში მავნე ნივთიერების კონცენტრაცია ზოგიერთ რაიონში ზოგჯერ დასაშვებ ზღვარს სცილდება. ასეთი რამ ხდება მაგალითად – შენობის რემონტის ან გზაზე საცობის გამო.
აპლიკაცია ამ მცირე ცვლილებებსაც კი გააკონტროლებს და მსურველებს ყველაზე „მწვანე“ გზას შესთავაზებს.
„ლოკდაუნის“ დროს გზებზე ავტომობილთა რაოდენობამ იკლო და ჰაერის ხარისხი ბევრ ქალაქში გაუმჯობესდა.
თუმცა, საკარანტინე შეზღუდვები თანდათან უქმდება და ადამიანთა უმრავლესობა საჭეს დაუბრუნდა. ამის გამო ჰაერის შემადგენლობა ისევ გაფუჭდება.