თეა წულუკიანმა სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები დანიშნა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მინისტრის გადაწყვეტილებით, რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე, ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელად – რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი გელა კანდელაკი, ხოლო შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად – რობერტ სტურუა.
სამივე მათგანი ამავე თეატრების მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელია და ამ პოზიციაზე ყოფნის ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს ეწურებოდათ.
ცნობისთვის, კულტურის მინისტრმა პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მეათე მუხლის მერვე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოიყენა დისკრეციული უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ, უკონკურსოდ დაენიშნა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები.