„დღეს, სენაკში, გახარიას პარტიისა და „ნაციონალების“ მონაწილეობით, მორიგი შოუ ვიხილეთ – კიდევ ერთხელ დასტურდება ის, თუ რატომ გადადგა თავის დროზე გიორგი გახარია რიგითი მელიას გადასარჩენად“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც სენაკში პარტია „საქართველოსთვის“ წევრის სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას გამოეხმაურა.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, გახარიას პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სენაკის საკრებულოს მე-17 წევრი არალეგიტიმურად აირჩიეს და შესაბამისად, მათ მიერ, დღეს, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაც არალეგიტიმურად მოხდა.
სუბარი დარწმუნებულია, რომ სასამართლო, ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და საკრებულოს მე-17 წევრის უფლებამოსილების ცნობის გადაწყვეტილებას გააუქმებს.
„ჯერ ჩაატარეს წინა კვირაში სხდომა, სადაც აბსოლუტურად არალეგიტიმურად მისცეს უფლებამოსილება საკრებულოს მე- 17 წევრს და დღეს ამ არაუფლებამოსილი წევრის მეშვეობით, ვითომ უმრავლესობა შეკრეს. 17 კაცით აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე, რაც არის აბსოლუტურად აბსურდი, რადგან საკრებულო უფლებამოსილი არ იყო აერჩია არც თავმჯდომარე და საერთოდ რაიმე გადაწყვეტილება მიეღო.
ეს გადაწყვეტილება საკრებულოს „ქართული ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ გასაჩივრებულია სასამართლოში და დარწმუნებული ვართ, სასამართლო მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, ეს იქნება იმ გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც მე-17 წევრს უფლებამოსილება უკანონოდ მისცეს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
როგორც მანვე აღნიშნა, საკრებულოში სულ 33 წევრია და მხოლოდ მის ნახევარს აქვს უფლება სხდომა ჩაატაროს. კერძოდ, 16-მა წევრმა, რაც სუბარის თქმით, არის ნახევარზე ნაკლები, ხოლო სხდომა ჩატარდა ისე, რომ მე-17 წევრს მისცეს მანდატი და ამ მე-17 წევრიანად შეკრეს ვითომ უმრავლესობა, რაც დეპუტატის სიტყვებით, სრული აბსურდია.
„ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთმანეთში შეხმატკბილებულად მოქმედებენ ყველგან, სადაც კი ამის შანსი მიეცემათ. დღესაც საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს გახარიას პარტიის წევრი და მას ხმა მისცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და კიდევ ერთხელ დასტურდება ის, თუ რატომ გადადგა თავის დროზე გიორგი გახარია რიგითი მელიას გადასარჩენად“, – განაცხადა სუბარმა.
კითხვაზე, რატომ არ დადიან სენაკის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრები სხდომებზე და ხომ არ ცდილობენ, საბოტაჟის გზით ადგილზე ვადამდელი არჩევნების გამოწვევას, სუბარმა უპასუხა, რომ თუ ვადამდელი არჩევნები იქნება, გამოჩნდება, ვის რა წონა აქვს რეალურად სენაკში.
„სენაკში ჩვენმა დეპუტაციამ აირჩია პოლიტიკური ბრძოლის სწორედ ეს მეთოდი – ისინი ამ ეტაპზე არ დადიან საკრებულოში,“ – განაცხადა სუბარმა.