LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-ი: „დეზინფორმაციაზე, თითქოს საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხეებია, იციკ მოშემ განაცხადა, რომ ინფორმაცია ქნესეთის წევრისგან მიიღო… ინფორმაციის უფრო კონკრეტული და სერიოზული წყარო მან ვერ დაასახელა“

111
სუსი

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, „პოტენციური ტერორისტული თავდასხმის შესახებ გაფრთხილების შემდეგ ისრაელის პარლამენტის წევრებმა საქართველოში ვიზიტი გააუქმეს“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მორიგ განცხადებას ავრცელებს.

„არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ და შესაბამისად, არც არავისთვის გაუზიარებიათ“ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებულმა კონფერენციის ორგანიზატორმა, სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ „ინფორმაცია ქნესეთის წევრისგან მიიღო“.

„გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხეებია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებულმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია, რომელსაც თავის მხრივ ეს ინფორმაცია მიაწოდა ქნესეთის ეთიკის კომისიის რომელიღაც წარმომადგენელმა. ინფორმაციის უფრო კონკრეტული და სერიოზული წყარო იციკ მოშემ ვერ დაასახელა.

კითხვაზე იმის შესახებ, თუ რატომ უთხრა მედიის წარმომადგენლებს, რომ საფრთხის შესახებ გაფრთხილებულია ქართული მხარე, იციკ მოშემ ეს ფაქტი საერთოდ უარყო. მისი განმარტებით, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ საფრთხე რეალური იქნებოდა, ამის შესახებ აუცილებლად შეატყობინებდნენ ქართულ მხარეს.

კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ ასეთი აბსურდული, არასერიოზული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი და ამავე დროს, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან“, – წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გამოცემა Arutz Sheva-ს ინფორმაციით, პოტენციური ტერორისტული თავდასხმის შესახებ გაფრთხილების შემდეგ ისრაელის პარლამენტის წევრებმა საქართველოში ვიზიტი გააუქმეს. გამოცემის ცნობით, ქნესეთმა უსაფრთხოების დირექტივა გასცა, რის შედეგადაც დეპუტატებმა საქართველოში შაბათ-კვირას დაგეგმილი „ისრაელის კვირეულის“ კონფერენციის ფარგლებში ვიზიტი გააუქმეს. „ქნესეთის წევრების მიერ დაგეგმილი ნებისმიერი მოგზაურობის წინ ჩატარებული ვითარების შეფასების შემდეგ, ქნესეთის გვარდიამ დეპუტატებთან საუბარი გამართა. უსაფრთხოების მიზეზების გამო დამატებითი დეტალების შესახებ ვერ ვისაუბრებთ“, – განუცხადა გამოცემას ქნესეთმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g