LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაბლა, პომოდორისიმო და პანუოცო – კვების ობიექტები, სადაც სურსათის უვნებლობა და ხარისხი პრიორიტეტია

556
სურსათის უვნებლობა

დღეს, როდესაც ბაზარი კვების ობიექტების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე მომხმარებელს არჩევანის თავისუფლებას ანიჭებს, სურსათის უვნებლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მეტიც, ეს არ არის მხოლოდ რეგულაციების დაცვა, ეს მომხმარებელთა ნდობის გამართლებაცაა. სწორედ ამ პრინციპით მუშაობენ „ტაბლა“, „პომოდორისიმო“ და „პანუოცო“, სადაც თითოეული ინგრედიენტი, მომზადების პროცესი და მომსახურება მკაცრი კონტროლის ქვეშ ექცევა. ამ ობიექტებში სურსათის უვნებლობა ყოველდღიური სამუშაო კულტურის განუყოფელი ნაწილია.

ანდრია კალანდია, ICR Food & Beverage-ის სურსათის უვნებლობის მენეჯერი:

– ჩვენი ბრენდები მომხმარებლისთვის უკვე წლებია სტაბილურ ხარისხთან ასოცირდება. დაახლოებით სამი წელია, რაც სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა დავნერგეთ და მას შემდეგ ყოველდღიურად დიდ ყურადღებას ვაქცევთ როგორც ინგრედიენტების ხარისხს, ისე მათ უვნებლობას. ხარისხისა და უვნებლობის მართვა იწყება, უპირველესად, სანდო, კეთილსინდისიერი მომწოდებლების შერჩევით, რისთვისაც სხვადასხვა საერთაშორისო, ევროპულ პრაქტიკებს ვიყენებთ. შემოსული ნედლეული გადის მკაცრ კონტროლს, რაც გულისხმობს სხვადასხვა თანდართული დოკუმენტაციის გადამოწმებას, ლაბორატორიული კვლევების მოთხოვნას მომწოდებლებისგან, ტემპერატურული რეჟიმების, ასევე, იმ სადისტრიბუციო მანქანების ჰიგიენური ნორმების კონტროლს, რომლებიც გვემსახურებიან და ა.შ. გარდა ამისა, ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ჩვენი სტაფის უმეტესობა, შეიძლება ითქვას, სპეციალისტის დონეზე ერკვევა სურსათის უვნებლობის მოთხოვნებში, გააზრებული აქვთ პასუხისმგებლობა და აქტიურად იყენებენ სხვადასხვა მექანიზმს იმისთვის, რომ მომხმარებლის ჯანმრთელობა იყოს დაცული და ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია.

– ნედლეული, რომლითაც მარაგდება თქვენი ობიექტები, არის ადგილობრივი, თუ იმპორტირებული?

– „ტაბლას“ შემთხვევაში უპირატესობას ქართული წარმოშობის პროდუქტებს ვანიჭებთ – დეტალურად ვაკვირდებით მათ ეტიკეტებს, წარმომავლობას. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მხოლოდ ქართულ, გაუყინავ ხორცს ვიყენებთ. მოგეხსენებათ, იმპორტული, არაევროპული ქვეყნებიდან (ბრაზილიიდან, ჩინეთიდან) შემოსული სურსათი ბევრად უფრო იაფია, თუმცა ფასზე ყურადღების გამახვილებას, ხარისხსა და უვნებლობაზე ყურადღების გამახვილება გვირჩევნია. გარდა იმისა, რომ ხორცპროდუქტების მომწოდებლებს დიდ ყურადღებას ვაქცევთ, შიდა კონტროლის მექანიზმებს ვიყენებთ, ვთანამშრომლობთ აკრედიტებულ საგამოცდო ლაბორატორიებთან და ვხელმძღვანელობთ კანონმდებლობით დადგენილი ხორცის, თუ მზა კერძების უვნებლობის გადამოწმების მიკრობიოლოგიური, თუ ქიმიური კრიტერიუმებით. ყოველთვიურად, რუტინულ რეჟიმში მიგვაქვს ნიმუშები ლაბორატორიაში. კონტროლის ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი (ნედლეულის მიღება, შემდგომი დამუშავება და სხვა) აღირიცხება ჩანაწერებით და როგორც ეს ჩანაწერები, ასევე კვლევის შედეგები მომხმარებლისთვის, თუ მაკონტროლებლისთვის ყოველთვის მარტივად ხელმისაწვდომია.

რაც შეეხება ჩვენს მეორე, იტალიური ჯანსაღი სწრაფი კვების მიმართულებას – „პანუოცოს“ და „პომოდორისიმოს“, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან ხარისხობრივ მახასიათებლებს, უვნებლობასთან ერთად, დიდი ყურადღება ექცევა, უპირატესობას ვანიჭებთ ავთენტურ, იტალიური წარმოშობის პროდუქტებს, როგორებიც არის ყველი, ფქვილი, სხვადასხვა ძეხვეული. ამასთან, ორიენტირებულნი ვართ იმაზე, რომ მუდმივად ერთი და იგივე ინგრედიენტი გამოვიყენოთ, რომ მომხმარებლისთვის ხარისხი იყოს მუდმივად სტაბილური.  

– მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომი მენიუს შედგენა ზოგჯერ ჭირს…

– ვცდილობთ, შედარებით დაბალი მარჟით ვიმუშაოთ, რათა ჩვენი პროდუქცია ნებისმიერი მომხმარებლისთვის  იყოს ხელმისაწვდომი. ცხადია, რაღაცები შედარებით ძვირი გვიჯდება, ვიდრე სხვას, მაგრამ გვირჩევნია, სტაბილურობა ხარისხში შევინარჩუნოთ, ვიდრე მომხმარებელს დახვდეს ის, რასაც ჩვენგან არ ელის.

– ხარისხის თვალსაზრისით, რომელი პროდუქტები ქმნიან დღეს ბაზარზე დიდ გამოწვევას?

– „ტაბლას“ შემთხვევაში, ხორცთან ერთად, რა თქმა უნდა, რძის პროდუქტები, რომლებსაც მხოლოდ შესაბამისი ეტიკეტით ვიბარებთ (ძალიან ბევრი კვების ობიექტი იყენებს რძის შემცვლელ პროდუქტებს, მაგალითად, ხაჭაპურში მცენარეული წარმოშობის ცხიმისგან დამზადებულ „ყველს“). საკმაოდ დიდ შრომას ვდებთ იმაში, რომ ბაზარზე ნამდვილი პროდუქტები მოვიძიოთ, რომლებიც იაფი ნამდვილად არ არის. ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ ფრინველის ხორცის, თევზეულის შერჩევას. „პანუოცოს“ შემთხვევაში ფქვილია ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე ყველი, ძეხვეული და მსგავსი ნახევარფაბრიკატები, რაც დამახასიათებელია იტალიური სამზარეულოსთვის.

– რა შეგიძლიათ ურჩიოთ კვების ბაზარზე შემოსვლის მსურველებს?

– ბიზნესოპერატორი უნდა იაზრებდეს პასუხისმგებლობას, რასაც მომხმარებლის ჯანმრთელობა ჰქვია, უვნებელი, ხარისხიანი სურსათის წარმოებისთვის უნდა იყენებდეს კონტროლის ისეთ მექანიზმებს, როგორებიცაა მომწოდებლების კონტროლი, პერიოდული ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, თანდართული დოკუმენტაციის კონტროლი, ნედლეულის მიღებისას ტემპერატურის, ეტიკეტის შემოწმება, თანამშრომლების განათლებაზე და კომპეტენციის ამაღლებაზე ზრუნვა. სამწუხაროდ, საქართველოში ეს პროცედურები რიგი ბიზნესოპერატორებისთვის დამატებით, უსარგებლო ხარჯებთან, შრომასთან, სირთულესთან ასოცირდება. არადა იმისთვის, რომ ბიზნესმა თავი დაიმკვიდროს ბაზარზე, ჰქონდეს კარგი რეპუტაცია, აუცილებელია, პროცესი სისტემაში მოაქციოს, მუდმივად ერთნაირი, სტაბილური ხარისხის სურსათი შესთავაზოს მომხმარებელს, რაშიც დიდ როლს თამაშობენ ინგრედიენტები.

(R)

magti 5g