„საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპული ოჯახის და ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია!“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის თაობაზე შეთანხმებას ეხმაურება.
როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერა, ისტორიულია.
„ეს პროექტი აძლიერებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებს და ძლიერ იმპულსს აძლევს ეკონომიკას, რაც აუცილებლად დადებითად აისახება ინვესტიციებზეც. ამის პარალელურად, პრემიერ-მინისტრის სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ახალი ენერგეტიკული პროექტების გაშვება ქვეყანაში და ანაკლიის პორტის მშენებლობის რესტარტი – ხელახლა ინიცირება.
ევროკავშირთან ენერგიის მიწოდების პროექტის ხელმოწერამ, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ესწრებოდა – პასუხი გასცა ჩვენი ოპონენტების დაუფარავ აგრესიას და უსაფუძვლო კრიტიკას. მეტიც – შეიძლება უკვე ითქვას, რომ ოპონენტების ეს პოლიტიკური თავდასხმები საქართველოზე და ჩვენს ხელისუფლებაზე, მიმართული იყო სწორედ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის და ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ.
აქედან გამომდინარე, გამოცანად არავისთვის რჩება, თუ ვის ინტერესებში შედიოდა საქართველოს რეპუტაციის დაზიანება და ანტიევროპულად წარმოჩინება. ოპოზიციას მოუწევს თავი იმართლოს ამის გამო.
საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპული ოჯახის და ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია!“- წერს არჩილ თალაკვაძე.
ამავე თემაზე:
