„ბატონო ლევან, მოგმართავთ საჯარო და სახალხოდ, გამოხვიდეთ და ჩაატაროთ ბრიფინგი და მოუწოდოთ ხელისუფლებას, არ მიიღოს კანონი“, – ამის განცხადებით დეპუტატმა, თამარ კორძაიამ სახალხო დამცველს მიმართა და აღნიშნა, რომ ეს არ არის პოლიტიკური შეფასების საკითხი, არამედ ესაა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი.
როგორც კორძაიამ აღნიშნა, აცნობიერებს იმ ტვირთს, რაც მისთვის [ლევან იოსელიანისთვის] ხმის მიცემისას აიღო და ამიტომ, სწორედ მისი პასუხისმგებლობაა, „გამოვიყვანო ის იმ კომფორტიდან, რომელიც ამ კანონთან დაკავშირებით აქვს“:
„ბატონო ლევან, მოგმართავთ საჯარო და სახალხოდ, გამოხვიდეთ და ჩაატაროთ ბრიფინგი და მოუწოდოთ ხელისუფლებას, არ მიიღოს კანონი, რომელთან დაკავშირებითაც სწორედ სახალხო დამცველის რეკომენდაციით ეუთოს დასკვნის თანახმად, დაირღვევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონსტიტუციური უფლება, გაერთიანების თავისუფლება.
ეს კანონი ეწინააღმდეგება არასამთავრობოების საქმიანობის კანონიერების პრეზუმფციას, პასუხისმგებლობა, რომელსაც ითვალისწინებს კანონი, არ შეიძლება იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში დარჩეს და ის აუცილებლად სასამართლოს მიერ უნდა იქნას მიღებული ნებისმიერ შემთხვევაში.
„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე კანონპროექტის არსსა და მისი მიღებით გამოწვეულ შესაძლო შედეგებზე საუბრობს
სწორედ სახალხო დამცველი მოთხოვნის საფუძველზე ეუთომ დაწერა 70-გვერდიანი დასკვნა, ყოველ გვერდში ის მიუთითებს იმას, რომ ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და არ არის საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის შესაბამისი.
ამიტომ, მოგიწოდებთ გამოხვიდეთ, ეს არ არის პოლიტიკური შეფასების საკითხი, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი. სახალხო დამცველის უპირველესი მოვალეობაა, რომ დაიცვას ადამიანის უფლებების პრევენციულად. ბატონო ლევან, კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით, გამოდით და მოუწოდეთ ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი“. – განაცხადა კორძიამ.
ინფორმაციისთვის, დღეს, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე ე.წ გამჭვირვალობის კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.
გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო