მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.
„დავამთავრეთ ამირეჯიბის ე.წ. ახალი გზისა და თამარაშვილის გამზირის კვანძის პროექტი. შედეგად, მოგვეცემა შესაძლებლობა, გავზარდოთ გამტარუნარიანობა, ასევე, მოხსნილი იქნება ის პრობლემა, რომ ავტომობილები წინააღმდეგობაში მოდიოდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან. მოძრაობა დარეგულირებული იქნება შუქნიშნით. დღეიდან გზის ეს კონკრეტული მონაკვეთი გაიხსნება. დარჩენილია გამწვანების სამუშაოები, რასაც ოთხი-ხუთი დღე დასჭირდება“, – განაცხადა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე, ორი ამსვლელ-ჩამომსვლელი პანდუსი მოეწყო, რისთვისაც, რკინაბეტონის საყრდენი კედლები აშენდა. ასევე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი LED ლამპიონებით. ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარები მოეწყო და ასფალტის რამდენიმეფენიანი საფარი დაიგო. სავალი ნაწილი დაიხაზა და დამონტაჟდა შუქნიშნები, რომლის საშუალებითაც, სატრანსპორტო კვანძზე მოძრაობა რეგულირდება.
აღნიშნული პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1,7 მილიონი ლარით დაფინანსდა, ხოლო სამუშაოები მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელდა.