ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოც-ქსელის მეშვეობით აქტიურად არის ჩართული საავტომობილო პრობლემებთან დაკავშირებით წარმოქმნილ დისკუსიებში. თუმცა, საინტერესოა თავად რამდენად კეთილსინდისიერი მძღოლია და რა მოსაზრებები აქვს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
როგორ დაიწყო შენი და ავტომობილის ურიერთობა?
ჩემი და მანქანის ურთიერთობა დაიწყო მაშინ, როდესაც ვიყავი 17 წლის. პირველი ავტომობილი მამაჩემმა მიყიდა. ეს იყო BMW 5 Series ანუ “პიცოტი”. 3.5 ქონდა ძრავის მოცულობა და აი ამიტომ ავარჩიე ეს მანქანა. თუმცა, ეხლა რომ მკითხოთ რატომ აარჩიეო, ვერ გიპასუხებთ, ეტყობა მაშინ მოდაში იყო.
როგორც ჩანს, მძლავრი ძრავები გიზიდავს... რამდენად კარგ მძღოლად მიაჩნიხარ მეგობრებს და თავად როგორ ფიქრობ?
მეგობრებს რომ კითხო, ძალიან კარგი მძღოლი ვარ. როგორც ისინი მეუბნებიან, ძალიან ცოტა ქალი ატარებს ჩემნაირად, თუმცა, ყოველთვის ესე არ ყოფილა. მქონია შემთხვევები, როდესაც გაჩერებული ავტომობილისთვისაც დამირტყავს.
და როგორც ვიცი დალოდებიხარ მის პატრონს, ანუ კეთილსინდისიერი მძღოლი ხარ…
კი, ასეთი უცნაური შემთხვევაც მქონია. დაველოდე ადამიანს, რომელიც გადასული იყო ავტომობილიდან. ანუ ვისაც დავარტყი, გადასული იყო ავტომობილიდან და ველოდებოდი კეთილსინდისიერად. ოღონდ, რომ დაბრუნდა, რაც გასაკეთებელი ქონდა, ყველაფრის გაკეთება მოინდომა. (იცინის)
საჭესთან, ყველაზე მეტად რისი გეშინია?
საჭესთან მეშინია ტაქსის მძღოლების და სამარშრუტო ტაქსების.
საკმაოდ აქტიურად ხარ ხოლმე ჩართული სოც-ქსელში საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებულ დისკუსიებში და მაინტერესებს რა დარღვევებს აწყდები ყველაზე ხშირად?
ძალიან ბევრს. რომელი ერთი ჩამოვთვალო? სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, რომელიც მიაქროლებს მანქანას მესამე ხაზში, უცებ მოინდომებს გაჩერებას და გადადის პირველში.
ტაქსის მძღოლი, გადატვირთულ მოძრაობაში მიღოღავს 20–ით იმიტომ, რომ ეძებს კლიენტს.
ავტომობილები, რომლებიც ქვეითებს ზებრაზე გზას არ უთმობენ და აგრეთვე ქვეითები, რომლებიც თვლიან, რომ ყველგან შეუძლიათ ფეხით გადასვლა…
გარდა ამისა არ მიყვარს, როდესაც ავტომობილიდან ისვრიან ნაგავს, მივსდევ და ვლანძღავ ხოლმე. (იცინის)
კიდევ არ მომწონს, როდესაც არ რთავენ “პავაროტნიკს” ეგრეთ წოდბულ მაჭუტს.
კიდევ ის, რომ ყველა კაცს გონია, რომ ქალზე კარგად მართავენ ავტომობილს, არა და ამ დროს, სტატისტიკურად, მამაკაცები უფრო ხშირად ხვდებიან ავარიებში, ვიდრე ქალები.
შენზე რომ იყოს დამოკიდებული, რა ზომებს მიიღებდი ?
პირველ რიგში პიკის საათის დროს ნაგვის მანქანების მოძრაობას ავკრძალავდი. აგრეთვე ავკრძალავდი ხანშიშესული ადამიანების საჭესთან ჯდომას…
რამდენად გიყვარს ავტომობილის მოვლა და თუ უვლი მას სეზონურად და როგორ?
ცუდი კითხვაა… (იცინის) სანამ ქუჩაში არ ვრჩერდები, მანამდე პროფილაქტიკაში არ მიმყავს. თუმცა, იმდენად კარგად ვერკვევი მანქანებში, რომ აი ოდნავ ხმა როდესაც მესმის, უკვე ვიცი რა პრობლემაც აქვს ავტომობილს.
როგორც ჩანს, კარგად ერკვევი ავტომობილებში და მაინტერესებს, როგორ უნდა მოვამზადოთ ავტომობილი ზამთრისთვის?
პირველ რიგში უნდა შევცვალოთ საბურავები, შევამოწმოთ სამუხრუჭე ხუნდები. ისე, თუ მანქანა მწყობრშია და პრობლემა არ აქვს, ალბათ ესეც საკმარისია. (იცინის)