კომპანია “მაკდონალდს საქართველოს” საბურთალოს ფილიალში მომხმარებელს ხვალ დილიდან რობოტი მოემსახურება. როგორც “ფორტუნასთან” საუბრისას კომპანიის პრეზიდენტი თემურ ჭყონია აცხადებს, რობოტები ეტაპობრივად სხვა ფილიალებშიც დაემატება. მისი თქმით, პროექტის მთავარი მიზანი ქსელში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაა.
“ჯერჯერობით მხოლოდ საბურთალოს ფილიალში იქნება, შემდეგ სხვა ფილიალებშიც და თანდათან მთელ საქართველოს ვაქცევთ რობოტებად. არა მხოლოდ “მაკდონალდსში”, მაღაზიებში “კოკა-კოლა” დანერგავს რობოტებს. ჩვენ ახალი ტექნოლოგიები შემოგვაქვს ბაზარზე, ახალი თემები, რომ მომავალი თაობა გაიზარდოს თანამედროვე ტექნოლოგიებით და არა ხაშლამით. ახალგაზრდა თაობას თანამედროვე ტექნოლოგიებთან უხარია შეხება, აქ მარკეტინგული თემები უფრო გვაქვს ჩადებული, ვიდრე სოციალური”, – აღნიშნა თემურ ჭყონიამ “ფორტუნასთან” საუბრისას.
რობოტი სპორტის სასახლესთან მდებარე ფილიალის შიდა სივრცეში “მაკდონალდსში” მისულ სტუმრებს სიმღერებსაც შესთავაზებს და დაბადების დღეების მილოცვის ფუნქციაც ექნება.
“ინტენსიური მოლაპარაკებები მიდის ჰარვარდთან” – რა გეგმები აქვს თემურ ჭყონიას 2023 წელს