LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თანხის მიღების ნაცვლად, თქვენი ანგარიშიდან ფული იკარგება…“ – „საზოგადოება და ბანკები“ ფინანსური თაღლითობის ახალი სქემის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს

488
გიორგი კეპულაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ სოციალურ ქსელში ფინანსური თაღლითობის ახალი სქემის შესახებ წერს და საზოგადოებას აფრთხილებს.

ორგანიზაცია დეტალურად აღწერს როგორ მუშაობს თაღლითობის ახალი სქემა, რომელიც მათივე თქმით, უშუალოდ მათზეა გათვლილი, ვინც ონლაინ გაყიდვებზე მუშაობს:

„ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა.

თუ სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე ნივთებს ყიდით, განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ. გააქტიურდა თაღლითობის ახალი სქემა, რომელიც უშუალოდ გამყიდველებზეა გათვლილი.

❓ როგორ მუშაობს თაღლითური სქემა?

・თაღლითები გიკავშირდებიან, როგორც დაინტერესებული მყიდველები.

・გიგზავნიან ცნობილი და სანდო გადახდის პლატფორმის ყალბ ბმულს, სადაც კომპანიის დასახელებაში, შესაძლოა, მხოლოდ ერთი ასო იყოს შეცვლილი.

・გთხოვენ ბმულზე გადასვლას და მონაცემების შეყვანას, თითქოსდა ნივთის ღირებულების ჩასარიცხად.

・მონაცემების შეყვანის შემდეგ, თანხის მიღების ნაცვლად, თქვენი ანგარიშიდან ფული იკარგება.

❗️ არავითარ შემთხვევაში არ შეიყვანოთ გაურკვეველ ბმულებზე:

◦ მობაილბანკის მომხმარებლის სახელი

◦ პაროლი

◦ SMS ერთჯერადი კოდი

◦ საბანკო ბარათის მონაცემები

❗️ მთავარი წესი, რომელიც უნდა გახსოვდეთ:

როდესაც თანხის მიღება გსურთ, გადამხდელს მხოლოდ თქვენი ანგარიშის ნომერი (IBAN) სჭირდება. ყოველთვის ყურადღებით გადაამოწმეთ ვებგვერდის მისამართი და კომპანიის დასახელების თითოეული სიმბოლო“, – წერს ორგანიზაცია სოციალურ ქსელში.