LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის სამინისტრო ფორმების იმპორტს ადგილობრივი ნაწარმით ჩაანაცვლებს, რომელიც „დელტა ტექსტილში“ შეიკერება

108
delta-teqstili-1024x576

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შპს „დელტა ტექსტილის“ მიერ შეძენილი „ჯეო-ემ-ტექსის“ სამკერვალო ფაბრიკა დაათვალიერა და მის შესაძლებლობებს გაეცნო. „დელტა ტექსტილი“ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ დააფუძნა.

„დელტა ტექსტილმა“, რომლის 100%-იანი წილი სახელმწიფოს მფლობელობაშია, ევროპულ ბაზარზე აქტიურად მომუშავე, ტექსტილის მწარმოებელი მსხვილი ქართული კომპანიის „ჯეო-ემ-ტექსის“ 49%-იანი წილი შეისყიდა.

სამკერვალო ფაბრიკაში, რომელიც თანამედროვე იტალიური და იაპონური წარმოების სამკერვალო დანადგარებით არის აღჭურვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა ძალოვან უწყებებში მომსახურე პირებისთვის მაღალი ხარისხის ზამთრის და ზაფხულის საველე და ყოველდღიური სამუშაო ფორმები შეიკერება. აქვე მოხდება საბრძოლო ეკიპირების, ინდივიდუალური დაცვისა და განტვირთვის სისტემების, მაისურების, საწვიმარი ლაბადების, საქარე ქურთუკების, პულოვერების, ქუდების, ხელთათმანების, ზურგჩანთების, სანივთე ტომრების და სპორტული ტანსაცმლის სერიული წარმოება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ამბიციური პროექტი საშუალებას მოგვცემს ხარჯების ეკონომიით მივიღოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ასევე, გავაძლიეროთ ქართული ეკონომიკა და შევქმნათ სამუშაო ადგილები.

თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დღეს მხარეებმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმებით დაადასტურეს. დოკუმენტს ხელი სსსტც „დელტას“ დირექტორმა ზურაბ აზარაშვილმა და „ჯეო-ემ-ტექს“-ის წარმომადგენელმა გრიგორი მორჩილაძემ მოაწერეს. მხარეებმა სურვილი გამოხატეს, რომ ურთიერთთანამშრომლობის გზით ადგილობრივ სამკერვალო წარმოებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობენ ხელს. საწარმო მზადყოფნას გამოთქვამს სამინისტროს დაკვეთები უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტით შეასრულოს, სამინისტრო კი, თავის მხრივ ფორმების იმპორტს ადგილობრივი ნაწარმით ჩაანაცვლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g