LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდასხმის ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტული ზომები უნდა გაატაროს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს – ოპოზიციის პასუხი კობახიძეს

115
BeFunky-collage (24)

ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია საჯაროდ განაგრძობს საუბარს თითქოს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, ოპოზიციაში ეხმაურებიან.

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა, ოპოზიციაზე და დასავლეთზე თავდასხმის ნაცვლად “ უნდა მიიღოს კონკრეტული ზომები, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

“სრული პასუხისმგებლობა, სრული ტვირთი თუ სად იქნება საქართველო ეკისრება ხელისუფლებაში მყოფ ძალას” – აცხადებს სამნიძე.

სამნიძის განცხადებით, „დაგვეხმარეთ, რათა დაგეხმაროთ“ – კარლ ჰარცელის სიტყვები ხაზს უსვამს იმას, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო ამ ისტორიულ მომენტში საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რათა ევროკავშირისგან პოზიტიური პასუხი მივიღოთ.

„ქვეყანაში „ქართული ოცნება“ დიდი ხანია შიშის დათესვის პოლიტიკას ეწევა. ხან ომზე საუბრობს და ომში ჩართვის ბრალდებით გამოდის. ახლა უკვე აშინებენ საზოგადოებას, რომ შესაძლოა სტატუსი ვერ მივიღოთ.” – აცხადებს სამნიძე.

“სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, რასაც კობახიძე საუბრობს, სრული ტყუილია.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ირაკლი კობახიძე ჩამოყალიბდა ცრუ პროპაგანდისტად, ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ “ირაკლი ცრუ” დავარქვათ მას, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძის შეფასებით ირაკლი კობახიძის განცხადება მძიმეა და რაც უფრო აშკარა გახდება საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის შესაძლებლობა, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.

“დამძიმდება იმიტომ, რომ ევროპა გამორიცხავს ოლიგარქიულ მმართველობას, მიტაცებულ სასამართლოს, მიტაცებულ ძალაუფლებას, ღარიბი ადამიანების არსებობას ქვეყანაში და არჩევნებში მათი სოციალური დახმარებებით მანიპულაციას” – განაცხადა მანჯგალაძემ.

ამავე პარტიის თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯი იმისთვის, “რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მოგვცეს.”

“ხელს ვადებ ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს, ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ არ მოგვცენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ისინი არიან ანტიქართული, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პერსონები – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

“საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს, რადგან ეს არის არსებულ ვითარებაში ერთადერთი გზა, გამოსავალი, რათა ჩვენ არ დავრჩეთ პირისპირ აგრესორ ქვეყანასთან, რუსეთთან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

სერგო ჩიხლაძე კობახიძის ამ განცხადებას ტყუილად და იაფფასიან ჭორაობად აფასებს.

„რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, ეს არის ტყუილი, რაც გამოჩნდა თუნდაც პოლიტიკური დებატების თუ მინისტრების მოსმენის დროს, რადგან მმართველმა გუნდმა ვერც ერთი ასეთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.” – აცხადებს ჩიხლაძე

მისი თქმით ოპოზიცია ხვდება პარტნიორებს და ხშირ შემთხვევაში რასაც არ აკეთებს ხელისუფლება, აკეთებენ ისინი.

“საქართველოსთვის მეტ დახმარებას, ინტეგრაციას ვითხოვთ. ირაკლი კობახიძის განცხადება არის მორიგი ტყუილი და იაფფასიანი ჭორაობა, რის შესახებაც ვერც ერთ მტკიცებულებას ვერ წარმოადგენს. კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური მოლოდინი მაქვს, მაგრამ ეს იქნება კონკრეტული დათქმებით და პირობებით სასამართლო რეფორმაზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ორგანიზაცია “გრასის” დამფუძნებელი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ არჩეული კურსის მიუხედავად, საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მხრიდან ამ ეტაპზე „განტევების ვაცის“ ძიება, არასწორია.

“რაშიც ბატონ კობახიძეს არ ვეთანხმები, არის ის რიტორიკა, სადაც ის წინასწარ აბრალებს და „განტევების ვაცს“ ეძებს იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ. საბოლოოდ, თუ ეს ასე მოხდა და კანდიდატის სტატუსს არ მივიღეთ, რაც ძალიან ცუდი იქნება, ყველასთვის ნათელია ეს რატომაც მოხდება” – აცხადებს კაპანაძე.

ამასთან, მისი შეფასებით, ამ საკითხზე საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადება, „დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ“, იმას გულისხმობს, რომ საქართველომ ევროპული ღირებულებების შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.

“უკვე გამოიტირეს, რომ ევროპა არაფერს არ გვაძლევს და ახლა ერთადერთი იმით არიან დაკავებული, რომ ვიღაცებს რაღაცები გადააბრალონ, სირცხვილია – მოეშვით პანიკას, – ასე მიმართა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “ქართული ოცნების” წევრებს.

“ოცნება” და მისი ლიდერები არიან პანიკაში და დედამიწის ზურგზე ყველას დამნაშავედ თვლიან მათ მიერ ჩადენილ არასწორ ქმედებებში.” – აცხადებს უსუფაშვილი

უსუფაშვილის შეფასებით, ახლა პანიკის დრო არ არის, ახლა ერთად შრომის დროა.

რადიკალური ოპოზიციის გეგმით, ივნისის ბოლოს საქართველომ არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც მოჰყვება მღელვარება, ხელისუფლების გადატრიალება და ომში ჩართვა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის შეფასებასა და მოლოდინზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიციის სცენარი ვერ განხორციელდება და საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში არეულობას და ომს არ დაუშვებს.

ამავე თემაზე:

კარგი იქნება თუ კობახიძე ერთ განხადებას მაინც დაასახელებს სადაც არასამთავრობო სექტორი ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა: ნიკა სომონიშვილი

magti 5g