კარგი იქნება თუ ირაკლი კობახიძე დაასახელებს ერთ განცხადებას მაინც, სადაც არასამთავრობო სექტორი ანტიდასავლურ პროპაგანდას ვეწევით, ასეთი განცხადება უბრალოდ არ არსებობს – პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ხელისუფლების პირდაპირი მცდელობა, რომ თავისი ბრალეულობა სხვას გადააბრალოს, ამ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორს ან სხვა ნებისმიერ აქტორს, – ამის შესახებ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დამაბრკოლებელია, სრულიად პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.
„ის პრობლემები, რაც ქვეყანას აქვს, ამაზე თვითონ ევროკავშირი საუბრობს და ამასთან დაკავშირებით დღეს ევროკავშირის ელჩმაც გააკეთა განცხადება. ის პრობლემები, რომელიც ქვეყანას აქვს და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის დამაბრკოლებელი, რა თქმა უნდა, ამაზე სრულიად პასუხისმგებლობა აქვს ჩვენს ხელისუფლებას, რომ ეს პრობლემები იყოს მოგვარებული. შესაბამისად, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ხელისუფლების პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ თავისი ბრალეულობა სხვას გადააბრალოს, ამ შემთხვევაში არასამთავრბო სექტორს, ან სხვა ნებისმიერ აქტორს.
იმისათვის რომ ჩვენ ნაბიჯი წინ გადავდგათ, აუცილებელია, რომ იმ პრობლემებზე ვისაუბროთ, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებას შევძლებთ, თუ ხელისუფლებას, პოლიტიკურ სპექტრს პოლიტიკური ნება ეყოფა იმისა, რომ სასამართლოს, მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმები გაატაროს და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობისთვის ნაბიჯები გადადგას”, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ანტიდასავლურ რიტორიკას აწარმოებს.