LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაზო დათუნაშვილი: „ერთი მაგიდის გარშემო უნდა დავსხდეთ, არის შანსი, რომ ისევ ვერ შევთანხმდეთ, ოღონდ საუბარი აუცილებელია“

122
თაზო დათუნაშვილი

„მგონია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მუქარის ენა არ იმუშავებს. მათთან ურთიერთობის ყველა პოლიტიკური ფორმა დასრულებულია. ესენი არიან მზად, მთელი საქართველო, საქართველოს ოთხი მილიონივე მოქალაქე დააყენონ უფსკრულის პირას და გადაჩეხონ – ქვეყანა აქციეს რუსული საღორის ალგორითმად“ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ ეთერში „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი ევროკომისიის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი.

როგორც თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, „მძიმე დღე არა „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოს მოქალაქეებს დაუდგა“.

„სამწუხაროდ, მივედით იმ ზღვარზე, როცა ცოტა ფუნდამენტური ახსნა სჭირდება იმას, სად ვართ და რა წერტილში მოვედით. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რაც გულით მეც თქვენც, ამ ქვეყნის მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას გენეტიკურ კოდად გვქონდა, დასავლეთისკენ სიარული. დღეს ხელისუფლებაში გვყავს სამშობლოს მტრები, რომლებიც მასირებული, ისტერიული პროპაგანდისტული შეტევით ცდილობენ დაგვინგრიონ მომავალი.

საქართველოს მოქალაქეების გარდა საქართველოს ბედი დედამიწის ზურგზე არავის აინტერესებს, მითუმეტეს ის, რომ საქართველოს მოქალაქეების ბედი სწორად განვითარდეს. გვყავს მტერი, რუსეთი, რომელსაც უნდა, რომ ჩვენ აღარ ვარსებობდეთ როგორც ქვეყანა და ვიყოთ ისევ კოლონია და არსებობენ ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩვენ მისწრაფებას, რომ საქართველოს მომავალი ყოფილიყო ევროპული, დასავლური, ეხმარებოდნენ. პასუხი „ქართული ოცნებისგან“ ის კი არაა, რომ რაღაც გვაქვს შესაცვლელი, შერიგება, დალაპარაკებაა საჭირო, ეროვნული ერთობაა საჭირო, ამას კი არ ამბობენ, გუშინდელი დღიდან ადგნენ და ლაპარაკობენ, რომ ბოლო ინსტრუმენტი დარჩათ შანტაჟისო. არავის აინტერესებს ჩვენი შანტაჟი! საშანტაჟო არაფერია! არ უნდა საქართველოს იყოს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი? – იტყვის ჩვენი დასავლელი პარტნიორი, რომ ჯანდაბამდე გზა ჰქონიაო, ამით დამთავრდება ბოლოს. არ არსებობს „დიფ სთეითი“, რეპტილოიდები, დედამიწის რაღაც სხვა კონსპირაციული მმართველები, რომელსაც აქვს სურვილი, რომ „ქართული ოცნება“ დაამარცხოს, ქართველი ადამიანი გადააგვარონ და ამ უბედურებაში წაგვიყვანონ. ეს არის ტყუილი. აქამდე რიტორიკული თამაში, ევროპა ცუდია, „ქართული ოცნებისგან“ მომდინარე ბინძური თამაში გარდაიქმნა კოშმარულ რეალობად. ამ ბინძურმა თამაშმა მიგვიყვანა წერტილში, სადაც ჩვენმა პარტნიორებმა ხელი აიღეს ჩვენთან ურთიერთობაზე, თქვეს, რომ საქართველო აღარ არის სანდო. ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაუდგა მძიმე დღე, მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა საუბარია ასეთ უკუსვლაზე, არ იქნება სწორი და მართალი, რომ ვთქვათ, „ქართულ ოცნებას“ დაუდგა, ჩვენ დაგვიდგა. ბევრი რამ კი არ აერთიანეს საქართველოს მოქალაქეების 80%-ს, აერთიანებს იდეა, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი და ევროკავშირის წევრი. ეს აერთიანებდა საქართველოს მოქალაქეების 80%-ს. ამის წინააღმდეგ, რომ წახვიდე, ასეთი ელექტრულად არასწორი რაღაც აკეთო, თან ამაში მოიშველიო საბჭოთა, რუსული პროპაგანდის მეთოდი, ამას თუ მიზანმიმართულად არ აკეთებ, აბა, რატომ უნდა გააკეთო?“ – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

გადაცემაში სტუმრობის დროს, თაზო დათუნაშვილმა ასევე ისაუბრა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის გათავისუფლებასა და მის პოზიციაზეც, რომლის მიხედვითაც, ზურა ჯაფარიძე მზად არის, ყველა პოლიტიკური აქტორს შეხვდეს.

დათუნაშვილის თქმით, რომ „ერთი მაგიდის გარშემო დაჯდომა აუცილებელია“.

„უაზრო გაერთიანებებისთვის არც არასდროს ვიყავით მზად და არც ახლა ვართ მზად. ლაპარაკი როცა არის იმაზე, რომ ერთი მაგიდის გარშემო დავსხდეთ, არასდროს ამაზე უარი არ გვითქვამს. რა თქმა უნდა, უნდა დავსხდეთ ერთი მაგიდის გარშემო. შეიძლება ჩვენი გზები და სტრატეგიები ისევ განსხვავებული დარჩეს, როცა იმ მაგიდიდან ავდგებით. არის შანსი იმის, რომ ვერ შევთანხმდეთ, ოღონდ საუბარი აუცილებელია. ჩემი აზრით, ამაში არის გამოსავალი, რომ რაღაც ძირითად ფუნდამენტურ საკითხებზე უნდა შევჯერდეთ. უპირობო, უაზრო გაერთიანებების არ მჯერა. მიხარია, რომ ზურაბ ჯაფარიძე გარეთაა. მე ვარ მომხრე დიდი ერთიანი ფრონტით დაპირისპირებისა ივანიშვილის რეჟიმთან, იმიტომ, რომ მიმაჩნია ამ დიდ ფრონტში არის ძალა“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g