LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისი ევროპულ დედაქალაქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კოსმოპოლიტურია“ – წერს European Best Destinations

1874
11

მსოფლიოში ერთ-ერთმა რეიტინგულმა ტურისტულმა პორტალმა European Best Destinations, რომელიც ევროპულ კულტურას უწევს პოპულარიზაციას, ახალი წლის შესახვედრად საუკეთესო ადგილების სია გამოაქვეყნა.

რეიტინგში პირველ ადგილზე, უკვე მეექვსედ, მადეირა მოხვდა. პორტუგალიის ეს კლიმატითა და ბუნებით გამორჩეული კუნძული, ოქროსფერქვიშიან სანაპიროზე ნებივრობისა და პორტუგალიური ღვინისა და კერძების დაგემოვნების მსურველთა გარდა, ბოლო წლებში განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა ლაშქრობის, ფრინველებზე დაკვირვების, ფოტოს გადაღების მოყვარული მოგზაურებისთვის.

აღნიშნულ ნუსხაში საქართველოს დედაქალაქიც მოხვდა. ჩამონათვალში თბილისმა მეხუთე ადგილი დაიკავა.

„თბილისი ევროპულ დედაქალაქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კოსმოპოლიტურია. ის გაგაოცებთ უნიკალური ტურისტული და კულტურული შეთავაზებებით, გასაოცარი არქიტექტურის მქონე მისი შენობები „ათას ერთი ღამიდან“ ამოზრდილებს ჰგვანან. თბილისი ღვინისა და ტრადიციული კერძების მოყვარულთა საყვარელი ადგილია. ის არასტანდარტულად მოაზროვნე ადამიანებს განსაკუთრებულად იზიდავს.

სადღესასწაულო განწყობას საქართველოს დედაქალაქი იანვრის შუა რიცხვებამდე ინარჩუნებს. ახალი წლის აღსანიშნავად აქ მრავალი საჯარო კონცერტი ეწყობა, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეულია თბილისის საშობაო ბაზრობაც. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დარჩენა იგივე ჯდება, რაც ბერლინში – სამვარსკვლავიანში“, – წერს European Best Destinations.

ახალი წლის ღამის გასატარებლად ევროპაში საუკეთესო ადგილების ათეულში ასევე მოხვდნენ: მარბელა (ესპანეთი), ლონდონი (ინგლისი), ლისაბონი (პორტუგალია), პრაღა (ჩეხეთი), იბისა (ესპანეთი), სან მიგელი (პორტუგალია), ედინბურგი (შოტლანდია) და პორტუ (პორტუგალია).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g