ინდური ავიაკომპანიის Vistara-ს საბორტო ჟურნალი მგზავრებსა და გამოცემის ონლაინ მკითხველებს საქართველოში დასვენებას ურჩევს.
ჟურნალის წარმომადგენლებს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პრესტურის ფარგლებში უმასპინძლა და საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო.
სტატიაში თბილისი საოჯახო დასვენებისთვის საუკეთესო ისეთ მიმართულებებს შორის მოხვდა, როგორებიცაა: ლოს-ანჯელესი (აშშ), სინგაპური, მიუნხენი (გერმანია) პარო (ბჰუტანი), ოკავანგო დელტა (ბოტსვანა) და ჯაისამლერი (ინდოეთი).
თბილისის შესახებ ვკითხულობთ, რომ აქ ტაძრები, ქვაფენილიანი ქუჩები და მომაჯადოებელი კაფეები ქალაქის იდენტობის ნაწილია. სტატიაში განსაკუთრებულადაა აღწერილი ფუნიკულიორიდან და რიყის პარკის საჰაერო ბურთიდან გაშლილი ქალაქის ხედები. ინდოელ ჟურნალისტებს ლეღვთახევის ჩანჩქერისა და გოგირდის აბანოების აღნიშვნაც არ გამორჩენიათ. სტატიის ავტორები მოგზაურებს ურჩევენ, თბილისური თავგადასავალი საუცხოო ხაჭაპურით, კერძებით სავსე გობითა და ქართული ღვინით დააგვირგვინონ.