LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თბილისი პრაიდი“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – ევროსასამართლომ 5-6 ივლისის საქმე განსახილველად დაარეგისტრირა

118
5 ივლისის მოძალადეები

Tbilisi Pride-ის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველად დაარეგისტრირა საქმე: „თბილისი პრაიდი“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, საქმე ეხება გასული წლის 5-6 ივლისის მოვლენებს – ძალადობრივი ჯგუფების მიერ „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებისა და ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან და ორგანიზებულ ძალადობას.

„მომჩივნები სტრასბურგის სასამართლოს სთხოვენ დაადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა მე-3 და მე-11 მუხლებთან კავშირში, რაც გულისხმობს დისკრიმინაციული მოტივით ღირსების შემლახველ მოპყრობასა და შეკრების თავისუფლების ხელყოფას.

მომჩივნები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ 5 ივლისს მომხდარი ძალადობის პრევენციის მიზნით სახელმწიფოს უმოქმედობაზე, ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობაზე, ჩადენილი დანაშაულების არაეფექტურ გამოძიებასა და პროკურატურის მიერ მსხვერპლების დაზარალებულად არ ცნობაზე.

მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგეს მომჩივნების დარღვეული უფლებები და სახელმწიფოს დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა მისი უმოქმედობისათვის“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „თბილისი პრაიდის“ ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ იცავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები