LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს ერთი წლით გადმოიბარებს

97
Untitled design (15)

წიგნისა და კითხვის პოპულარიზაცია, წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკებისა და გამომცემლების ხელშეწყობა – ეს არის ძირითადი მიზანი პროექტის, რომლის ფარგლებშიც, ერთი წლის განმავლობაში თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი მიენიჭება.

აღნიშნულ ტიტულს საქართველოს დედაქალაქი 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს გადმოიბარებს.

თბილისის მერიისა და იუნესკოს ერთობლივი პროექტი 23 აპრილს, 16:30 საათზე, “აბრეშუმის ქარხანაში” ოფიციალურად გაიხსნება და დედაქალაქის მერი კახა კალაძე წიგნის დედაქალაქის სტატუსს კუალა ლუმპურის მერიის დელეგაციისგან გადმოიბარებს.

პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, გახსნის ცერემონიის ოფიციალური ნაწილის შემდეგ გაიმართება კოსტიუმირებული პერფორმანსი – “ათი ცოცხალი სურათი ქართული ლიტერატურიდან”. პერფორმანსი აერთიანებს ქართული მწერლობის ისტორიის ათ სცენას ადრექრისტიანული ხანიდან – მეოცე საუკუნემდე.

გახსნის მეორე ნაწილი თანამედროვე ავტორებს ეთმობა. წარმოდგენილი იქნება ერთგვარი ფოტო-აუდიოპროექტი ცამეტი ქართველი ავტორის მონაწილეობით. გარდა ამისა, ღონისძიების სტუმრები ნახავენ მოკლე ჩანახატს გურამ დოჩანაშვილის შესახებ.

World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, იუნესკოს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პირველი დედაქალაქი მადრიდი იყო, შარშან კი წიგნის დედაქალაქი კუალა ლუმპური გახდა, რომელმაც, მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, პროექტი წარმატებით განახორციელა.

პროექტის ორგანიზატორები აღნიშნავენ,  რომ სააპლიკაციო პროცესი რთული და კომპლექსურია. აპლიკაცია ერთდროულად უნდა მოიცავდეს, როგორც ქალაქის სრულ ისტორიულ და თანამედროვე სურათს, ასევე, მთელი წლის განმავლობაში ზედმიწევნით გაწერილ გეგმას, თუ რა ტიპის ღონისძიებები განხორციელდება პროექტის ფარგლებში და რა გავლენა ექნება პროექტს ქალაქის განვითარებაზე ხანგრძლივ პერსპექტივაში.

საზეიმო ღონისძიებას პროექტის მთავარი მოქმედი პირები დაესწრებიან, მათ შორის:

  • იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მენეჯერი იან დენისონი
  • იუნესკოს კეთილი ნების ელჩი ვერა მიხალსკი-ჰოფმანი
  • გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის გენერალური მდივანი ხოსე ბორგინო
  • ამავე ასოციაციის პრეზიდენტი ბოდურ ალ ქასიმი
  • დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები
  • პარტნიორი ორგანიზაციები
  • გამომცემლობების წარმომადგენლები და მწერლები.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g