თბილისის მერია ე.წ. ტიტანიკის კორპუსთან დაკავშირებით, სადაც ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად, 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა, განცხადებას ავრცელებს.
მერია განმარტავს, რომ ე.წ. ტიტანიკის კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია და სწორედ ავარიულობის გამო, კორპუსში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა.
ასევე, თბილისის მერიის განცხადებით, მოსახლეობის გამოყვანის პროცესი თბილისის მერიამ წლების წინ დაიწყო, გამგეობამ კი მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა გასვლა შენობიდან, რასც მოსახლეობის ნაწილი დათანხმდა, ნაწილი კი რჩება მისამართზე საცხოვრებლად.
ავჭალაში, კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა
„გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.
შემთხვევა მოხდა ლიბანის ქუჩა N22 არსებული ე.წ. ,ტიტანიკის კორპუსის სახურავზე, სადაც მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიტბორდით იმყოფებოდა. მოზარდი სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა.
ბავშვები აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები არ არიან.
ე.წ. ტიტანიკის კორპუსი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ავარიულ მდგომარეობაშია და სწორედ ავარიულობის გამო, კორპუსში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა.
მოსახლეობის გამოყვანის პროცესი თბილისის მერიამ წლების წინ დაიწყო. მობინადრეებს შეგთავაზათ ქირით გაყვანა და “ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში” მონაწილეობა.
უსაფრთხოების მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა დაუყოვნებლივ გასვლა აღნიშნული შენობიდან. მოსახლეობის ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილი კი რჩება აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლად და უარს აცხადებს ქირით გასვლაზე.
თბილისის განვითარების ფონდი კვლავ გამოთქვამს მზაობას, მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამისთვის საჭიროა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა”, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.