LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია: უხვი ნალექის გამო, დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რამდენიმე მისამართზე ჩამოიშალა გრუნტის დამჭერი კედელი და მიწა

122
თბილისის მერია

დედაქალაქის მერიის ცნობით, თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა, კერძოდ, მიწის ჩამოშლა მოხდა ვაკის და საბურთალოს რაიონებში რამდენიმე მისამართზე, ასევე გლდანის და ისნის რაიონებში.

„დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე შიდა გზების წმენდა გრძელდება. გაიწმინდა თბილისის ქუჩების არსებული გადასასვლელები, გაჩერებები. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობენ.

თბილისში მოსული უხვი ნალექის გამო, დედაქალაქში გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ამ დროისთვის, ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის #3-თან მდებარე საცხოვრებელ სახლთან, ასევე, ლოტკინის დასახლებაში, გურამ ასათიანის N26-ში გრუნტის დამჭერი კედელი ჩამოიშალა. მიწის ჩამოშლა მოხდა ვაკის და საბურთალოს რაიონებში რამდენიმე მისამართზე, ასევე გლდანის და ისნის რაიონებში. გარდა ამისა, ისანში ერთ-ერთი ავარიული სახლის კედელი ჩამოიშალა. აღნიშნულ მისამართზე არავინ ცხოვრობდა. გვერდით სახლში მცხოვრებლებმა კი სასტუმროში გადაყვანაზე უარი განაცხადეს. ისანში, ერთ-ერთ ლოკაციაზე ბილიკის ჩამოშლის ფაქტი ფიქსირდება. ისნის გამგეობა აღდგენის სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს.

აღნიშნული შემთხვევების გამო არავინ დაშავებულა. გამგეობებმა უკვე უზრუნველყო დაზარალებული ოჯახების სასტუმროში დროებით გადაყვანა. ადგილზე მუშაობდნენ, როგორც გადაუდებელი სიტუაციების კოორდინაციის, ისე მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყების წარმომადგენლები. ტერიტორიები გაიწმინდა, მოეწყო დროებითი შემოღობვა, ხოლო აღდგენითი სამუშაოები დაიწყება უახლოეს მომავალში.

თბილისის „ეკოსერვის ჯგუფი“ და გამგეობების კონტრაქტორი კომპანიები 24-საათიანი რეჟიმით აგრძელებენ დაზიანებული ხეების დამუშავებას და მათ გატანას სხვადასხვა მისამართებზე.

მოსახლეობას შევახსენებთ, რომ პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 032 2722222”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g