2 აპრილიდან მსურველებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ. ყოველ შაბათს შედგება თემატური ხასიათის ტურები, ყოველ ხუთშაბათს კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ქვეყნის ყველა სკოლის მოსწავლეს უმასპინძლებს. ტურები ქართულ და ინგლისურ ენაზე ჩატარდება და დაინტერესებული პირები ოპერის უნიკალური შენობობის დათვალიერების გარდა გაეცნობიან თეატრის შიდა სამზარეულოს, მოინახულებენ კულისებს, საგრიმიოროებს, საორკესტრო ორმოს, დაესწრებიან მიმდინარე რეპეტიციებს.
კლასიკურის გარდა, თეატრში თემატური ტურებიც მოეწყობა. კერძოდ, ბალეტომანებს “პუანტების”, ოპერის მოყვარულებს “პრიმადონას”, ორკესტრითა და დირიჟორით დაინტერესებულებს კი “უვერტიურისა” და “მაესტროს” ტურის არჩევა შეეძლებათ.
ტურის ჩასატარებლად სტუმრების რაოდენობა უნდა იყოს არაუმეტეს 20 და არაუმცირეს 7 ადამიანისა, სკოლის მოსწავლეების რაოდენობა კი სასურველია არ აღემატებოდეს 30-ს. თეატრის სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ ოჯახები და პენსიონერები. 6 წლამდე ბავშვებისთვის ტური უფასოა. პირველი ქართულენოვანი ტური ოპერაში 2 აპრილს 12.00 საათზე, ხოლო ინგლისურენოვანი – 13.00 საათზე დაიწყება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი და საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ