LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერდის ოპერის „ბედის ძალა“ პრემიერა

430
delforza

29 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება ჯუზეპე ვერდის ოპერის „ბედის ძალა“ პრემიერა. აღსანიშნავია, რომ ეს ოპერა თეატრის სცენაზე 1878 წლის შემდეგ სრული ვერსიით არ დადგმულა, ის მხოლოდ ფრაგმენტების სახით, ან საკონცერტო ფორმატით სრულდებოდა.

29 ოქტომბრიდან, თითქმის საუკუნე ნახევრის  შემდეგ, მაყურებელს კვლავ ექნება საშუალება, იხილოს ჯუზეპე ვერდის ეს გენიალური ოპერა. „ბედის ძალის“ Teatro Regio di Parma-ს დადგმა იტალიიდან საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა. ამჟამად თეატრში მიმდინარეობს ინტენსიური მზადება პრემიერისთის. იტალიიდან ჩამოვიდა ტექნიკური ჯგუფი. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარია სტეფანო პოდა. დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, განათების მხატვრები სტეფანო გორერი და ამირან ანანიაშვილი, ქორმაისტერი ავთანდილ ჩხენკელი. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და ასევე მოწვეული მომღერლები.

მომდევნო საპრემიერო სპექტაკლები გაიმართება 30, 31 ოქტომბერს და 7, 13, 14 ნოემბერს.

ვერდის „ბედის ძალის“ (ოპერა დაფუძნებულია ანხელ საავედრას ესპანურ დრამაზე „დონ ალვარო, ანუ ბედის ძალა“. ლიბრეტოს ავტორია ფრანჩესკო მარია პიავე) მსოფლიო პრემიერა 1862 წლის 10 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის „ბოლშოი კამენნი“ ოპერის თეატრში შედგა. მას შემდეგ ოპერა დაიდგა რომში, მადრიდში, ნოუ-იორკში, ვენაში, ლონდონში. კომპოზიტორი არ იყო კმაყოფილი ოპერით და სულ მალე ანტონიო გისლანცონისთან ერთად მასში ცვლილებები შეიტანა. ახალი ვერსიით „ბედის ძალა“ 1869 წლის 27 თებერვალს „ლა სკალაში“ დაიდგა და დიდი წარმატება ხვდა წილად, ხოლო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში იგი 1877-1878 თეატრალურ სეზონზე შესრულდა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეს ოპერა კომპოზიტორის ნაკლებად პოპულარულ ნაწარმოებად ითვლებოდა. მისი აღორძინება მე-20 საუკუნეში დაიწყო. „ბედის ძალის“ ყველაზე წარმატებულ დადგმებად ითვლება ლონდონის სამეფო ოპერის თეატრში 1992 წელს დადგმული სპექტაკლი და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერამ 1996 წლის წარმოდგენა. ამ ოპერის მთავარი პარტიების საუკეთესო შემსრულებლებად ითვლებიან ფრანკო კორელი, რენატა ტებალდი, ბორის ხრისტოვი და ეტორე ბასტიანინი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები