LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისს თანამედროვეობის აღიარებული ბალეტმაისტერის, ბორის ეიფმანის დასი ეწვია

169
eifman

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ფესტივალმა – „თბილისი რიტმი“ 2019 წლის სეზონი მსოფლიოში სახელგანთქმული „ეიფმანის სანკტ-პეტერბურგის საბალეტო თეატრი სპექტაკლით – „როდენი, მისი მარადი კერპი“ გახსნა. 56-წევრიანი საბალეტო დასი თბილისს 21 აპრილს სრული შემადგენლობით ეწვია. სპექტაკლი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.

ბალეტი წამყვანმა კრიტიკოსებმა 21-ე საუკუნის შედევრად აღიარეს. მსოფლიოს პრესტიჟულ სცენებზე ბორის ეიფმანის საბალეტო დასის ქორეოგრაფია მაყურებელს ცეკვის თავისუფლებით, ცოცხალი დინამიზმითა და პლასტიკური აზროვნებით იზიდავს. თავად მაესტრო კი თანამედროვე ბალეტმაისტერთა შორის ლიდერად არის დასახელებული.

ბორის ეიფმანის ბალეტი „როდენი, მისი მარადი კერპი“ დიდი მოქანდაკეების – ოგიუსტ როდენისა და მისი მოსწავლის, შეყვარებულისა და მუზის, კამილა კლოდელის ბედსა და შემოქმედებას ეძღვნება. 15 წლის განმავლობაში, როდენსა და კლოდელს ვნებიანი შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებდათ, თუმცა მათი სიყვარული ტრაგიკული აღმოჩნდა. მხატვრებს შორის მომხდარმა განხეთქილებამ კამილას საბედისწერო დარტყმა მიაყენა, სულიერი ჯანმრთელობა შეურყია და მისი გარდაცვალების მიზეზად იქცა. სამყაროსაგან განდგომილ და სიღატაკეში დარჩენილ კამილას ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. თითქოს, მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ავადმყოფური იდეა, რომლის მთავარი ფიგურა როდენი იყო, ფსიქიკური აშლილობით დასუსტებული ქალის გონებას განუწყვეტლივ ტანჯავს. მან 30 წელი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა, სადაც ყველასგან დავიწყებული და მიტოვებული 1943 წელს გარდაიცვალა.

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები