გარემოს ეროვნულმა სააგენტომ დედაქალაქის ჰაერის მონიტორინგის პირველი ხუთი თვის შედეგები გამოაქვეყნა.
უბნების მიხედვით მდგომარეობა საგრძნობლად განსხვავებულია. წერეთლის გამზირზე მყარი ნაწილაკების გადაჭარბების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამავდროულად აპრილსა და მაისში პოზიტიური შედეგიც გამოიკვეთა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მარინა არაბიძემ „იმედის დღეში“ ჰაერის მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა.
„დედაქალაქში ხუთი სადგური გვაქვს განთავსებული. ჰაერის დაბინძურება შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ავტოტრანსპორტით, ასევე მშენებლობით და უდაბნოს მტვერით. ზუსტად ვერ ვიტყვით, რამ გამოიწვია, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაზე ხშირად წერეთლის სადგურზე დაფიქსირდა ჰაერის მაღალი დაბინძურების მაჩვენებელი“, – აღნიშნა მარინა არაბიძემ.
მისივე თქმით, აპრილსა და მაისში თბილისის არც ერთ მონიტორინგის სადგურზე მყარი ნაწილაკების გადაჭარბების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
კითხვაზე, რამ განაპირობა ეს შედეგი მანანა არაბიძე პასუხობს:
„შეიძლება სხვა ბევრი ფაქტორიც იყო, მაგრამ ცალსახად ასეთი შედეგის ერთ -ერთი მიზეზი არის ხშირი წვიმები. უხვი, ნალექიანი დღეები გვქონდა, რაც იმის განმაპირობებელია, რომ ჰაერი, არამარტო ჩვენს დედაქალაქში, სუფთაა“. – განმარტავს მანანა არაბიძე.
