საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით „სტუდენტური ფესტივალი 2023“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, სპორტის 16 სახეობაში ტურნირები და კულტურული მიმართულების ტურები (ქართული ხალხური სიმღერა, ქართული ცეკვა, საესტრადო სიმღერა, თანამედროვე ცეკვა, ბენდების კონკურსი) ჩატარდა. ფესტივალში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი 30-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა მიიღეს.
საბოლოოდ, სტუდენტურ ფესტივალზე მოპოვებული გამარჯვებების მიხედვით ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტებმა.
ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებულებად სწორედ აღნიშნული სამი უმაღლესი სასწავლებელი დასახელდა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი ულოცავს სტუდენტებს ამ ღირსეულ გამარჯვებას.